ისტორია ინახავს გენიალური მხატვრების და მათი შემოქმედების შესახებ ცნობებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თაობებს შემოუნახეს.
თელაველი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის სახელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი. პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს 400-მილიონ ლარად შეფასებული საგანძური დაუტოვა – თელავის ისტორიულ მუზეუმში, ამჟამად, 1870 ექსპონატია გამოფენილი, რომელთანაგ 200 ქეთევან იაშვილის პირად კოლექციას ეკუთვნის.
ქეთევან იაშვილი (მარცხნიდან პირველი) თელავში
იაშვილის კოლექცია მრავალფეროვანია. მსოფლიოში ცნობილი ფერწერული ტილოებიდან, აღსანიშნავია გერმანელი მხატვრის კარლ პილოტის “ლუდოვიკო მე-17 ტყვედ იაკობინელებთან”; ფრანგი მხატვრის რენოს “მთვარიანი ღამე”; მიხაი ზიჩის “ვეფხისტყაოსნის მირთმევა თამარისათვის”; უცნობი ავტორის “მადონა ყრმით” და ა.შ.
“ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი…” – წერდა თავის მოგონებებში ქეთევან იაშვილი.
AMBEBI.GE თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველს, ქეთევან ხუციშვილს ესაუბრა, რომელიც პირადად იცნობდა კოლექციონერს:
“ქეთევან იაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 1883 წლის 23 აპრილს თავად მერაბ იაშვილის ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა.
1900 წელს დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. საუკუნის დასაწყისში კი გაემგზავრა ხარკოვში და ფარმაცევტოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა. 1930-იან წლებში ახალი ინტერესი, კოსმეტოლოგია გაუჩნდა. ამ პროფესიას ის ქალაქ პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ კი თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ქეთევანი ბავშვობიდანვე ხელოვნებით იყო დაინტერესებული და მხატვრობაზე ოცნებობდა. თელავში მუშაობდა გერმანელი მხატვარი, გვარად ანტენი და ჰქონდა გახსნილი ხატვის წრე. ქეთევანი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად შესულა ამ წრეზე, მაგრამ მხატვრობა არ გამოსვლია. მიუხედავად ამისა, ხელოვნებას მაინც არ ჩამოშორდა და დაიწყო კოლექციონერობა.
მამამისი მერაბ იაშვილი სამხედრო პირი იყო და შამილის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. როდესაც ვნახე ფრანც რუბოს ფერწერული ტილო “გუნიბის აღება”, მამას მონათხრობი გამახსენდაო, იგონებდა ქალბატონი ქეთევანი. 1930 წელს ეს ტილო თბილისში ერთ-ერთ სამხატვრო სალონში შეუძენია.
ქეთევან იაშვილის კოლექციის პირველი ტილომას ფუფუნებით არასოდეს უცხოვრია. ხარკოვში კოსმეტოლოგიის შესწავლის შემდეგ, თბილისში დამკვიდრდა, გახსნა კოსმეტოლოგიური კაბინეტი და მთელ თავის შემოსავალს ხარჯავდა ფერწერული ტილოებისა და უნიკალური ნივთების შეძენაში. გარდა ფერწერული ტილოებისა, მის კოლექციას ამშვენებს უნიკალური ნივთებიც: გუდონის ვენერა, უნიკალური ჩინური ვაზები, ბუდას ქანდაკება, რომის მინიატურული ხედები და სხვა საინტერესო ნივთები” – გვიყვება თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველი.
თითოეული ექსპონატის შეძენას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ქეთევან იაშვილმა თავის მოგონებებში აღწერა და შემოინახა. განსაკუთრებით საინტერესოა გერმანელი მხატვრის, კარლ პილოტის ფერწერული ტილოს – “საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეჩვიდმეტე იაკობინელებთან” აღმოჩენის ისტორია. აღსანიშნავია, რომ ამ ტილოს ორიგინალი, ქეთევან იაშვილის წყალობით თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაცული, ხოლო მხატვრის მშობლიურ ქალაქში, დრეზდენში მისი ასლია გამოფენილი.
“ქეთევანი ორჯერ იყო გათხოვილი და შვილი არ ჰყავდა. ამან განაპირობა მისი კოლექციის გადმოცემა მშობლიური ქალაქისთვის. მისი მეორე მეუღლე ნიკოლოზ კაზაევი იყო – მოხეტიალე სამსახიობო დასის მსახიობი და მომღერალი, ისიც დაინტერესებული იყო ხელოვნების ნიმუშების შეძენით. ორივეს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული ყოფილა, წყვილი ოდესაში იყო სამოგზაუროდ, ერთ-ერთ სასადილოში შესულან სასაუზმოდ.
მაგიდასთანაც დამსხდარან, რომელზეც კარლ პილოტის ეს ტილო იყო გადაფარებული. გადმოუბრუნებია ქალბატონ ქეთევანს და უნახავს გერმანელი მხატვრის ხელმოწერა, გაოცებულა. მეპატრონესთვის უთქვამს, ეს სუფრა მოგვყიდე და რამდენსაც გნებავთ გადავიხდითო. გაკვირვებია ბარის მეპატრონეს, არ იცოდა რა ტილოზე იყო საუბარი და მინიმალურ თანხად შეუძენიათ ეს ტილო და წამოიღეს საქართველოში” – ყვება ქეთევან ხუციშვილი.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფართო საზოგადოებას ქეთევან იაშვილის ღვაწლის შესახებ უამბო, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირია. ის სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მეცენატი ქალი სათანადოდ დაფასებული არ არის და ქართველმა ხალხმა მის შესახებ არ იცის:
“გარდა იმისა, რომ იგი ყიდულობდა უნიკალურ ნამუშევრებს, ცნობილი მხატვრები ჩუქნიდნენ კიდეც თავიანთ ტილოებს, რადგან იცოდნენ ამ ქალის ასეთი დაინტერესება და სიყვარული ხელოვნების, მხატვრობის მიმართ.
გარდა იმისა, რომ ქეთევან იაშვილი ქალებს ალამაზებდა და მათ ფიზიკურ სილამაზეზე ზრუნავდა, მან ადამიანების სულიერი სამყაროს განვითარებაშიც შეიტანა უდიდესი წვლილი. ეს არის 400 მილიონზე მეტის ღირებულების კოლექცია, რომელიც მან საკუთარ სამშობლოს შემოუნახა!” – ამბობს გოგა ჩანადირი.
ქეთევან იაშვილმა თავისი კოლექცია თელავის ისტორიულ მუზეუმს სამ ეტაპად გადასცა. იგი სიცოცხლეშივე მოესწრო საკუთარი კოლექციის მუზეუმში გამოფენას და დაათვალიერა კიდეც ის.
თელაველი კოლექციონერი და საზოგადო მოღვაწე 1980 წელს ღრმად მოხუცებული, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და საკუთარი სურვილისამებრ, თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოშია დაკრძალული…
ambebi.ge