“ხალხი გათიშულია”: მოსკოველები ომს ყურადღებას არ აქცევენ და ზაფხულში სასიამოვნოდ ისვენებენ” ​- რას წერს The Guardian?

ბრიტანული „გარდიანის“ (The Guardian) 31 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით – „ხალხი გათიშულია“: მოსკოველები ომს ყურადღებას არ აქცევენ და ზაფხულში სასიამოვნოდ ისვენებენ“ (ავტორი – ენდრიუ როთი, მოსკოველი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე მეხუთე თვეა, მიდის, მაგრამ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობამ კონფლიქტზე არ იფიქროს და ფრონტის ამბებზე თვალი დახუჭოს. შამპანურით გაჟღენთილი მიმდინარე ზაფხული – სრულიად ჩვეულებრივი ზაფხულია რუსეთის დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ომში ათასობით დაღუპული და დაჭრილია, ხდება ფაქტები, რომლებიც საშინელი სისასტიკით არის ჩადენილი.

ამას წინათ მაქსიმ გორკის სახელობის პარკში, ღია ცის ქვეშ, ფესტივალი გაიმართა – კაფე-ბარები და კინოთეატრები ხალხით გადატვირთული იყო: ახალგაზრდა წყვილები სამეჯლისო ცეკვების მუსიკაზე ტრიალებდნენ, სხვები კი იქვე, ახლოს, მდინარე მოსკოვის („მოსკვა-რეკის“) სანაპიროზე, სელფის გადაღებით იყვნენ დაკავებულნი.

„დიახ, ჩვენ ახლა ვერთობით, საღამო გვაქვს“, – ამბობს ანა მიტროხინა, „მოსკვა-რეკის“ სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ცეკვების მონაწილე, ცისფერკაბიანი და ფერ-უმარილით მოკაზმული, – “ჩვენ პოლიტიკის გარეშე გვინდა ვიცხოვროთ, გვსურს გართობა და ცეკვა-თამაში. აღარ მინდა, რომ ყველაფერზე ვიდარდო, გართობა ყველაფერს მავიწყებს“.

russia-1659361845.png

„ინსტაგრამის“ ერთ-ერთი ბლოგერის თქმით (მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა), რომელსაც 100 ათასამდე გამომწერი ჰყავს და რომელიც ომის წინააღმდეგ წერდა, ამბობს, რომ შეგნებულად შეწყვიტა პუბლიკაციების გამოქვეყნება ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, რომ იგი ოფიციალურად გააფრთხილეს, თავი დაენებებინა ომის თემაზე წერისათვის („წერე ჩვეულებრივ გასართობ ამბებზე, განა ცოტაა სხვა საკითხები? მაგალითად, სილამაზეზე, ფიტნესზე…“). მეორე მიზეზი ისაა, რომ ხელმომწერები მის მიმართ ნეგატიურად განეწყვნენ: „ხალხი გათიშულია, სინამდვილის გაგება არ სურთ. ბევრისთვის ომი არ არსებობს“.

გაისეირნეთ ქალაქში ან ჩართეთ VPN, რათა სხვადასხვა ამბავს გადახედოთ „ფეისბუქში“, „ინსტაგრამში“. წაიკითხავთ და ვერც მიხვდებით, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება. ტერმინი „ომი“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აკრძალულია. ეს სიტყვა მეგობრებს შორის საუბარშიც კი ტაბუდადებული გახდა. ამას ადასტურებენ თავიანთ სტატიაში – „როგორ ემალება საზოგადოებრივი აზრი სიმართლეს“ „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგი დენის ვოლკოვი და რუსი პოლიტოლოგი ანდრეი კოლესნიკოვიც – ისინი წერენ, რომ ხელისუფლება ხალხს სპეციალურად უმალავს ომის ამბებს და მათი ყურადღება სხვა საკითხებზე გადააქვს.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, იმის გამო, რომ ხალხს მოვლენებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, იძულებული არის, ნაკლები იფიქროს გლობალურ პოლიტიკურ საკითხებზე და უფრო მეტად დაკავდეს საყოფაცხოვრებო თემებით, დღევანდელი საჭირბოროტო პრობლემებით. თუ მარტში რუსები შოკში იყვნენ ჩავარდნილნი საბრძოლო მოქმედებების დაწყებით, ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც უკრაინის ამბებს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად თვლიდა, საკმაოდ შემცირდა. ომისადმი გულგრილი დამოკიდებულება მოსახლეობისათვის ძალზე მოხერხებული მოქმედებაა – მათ არ სჭირდებათ არც სიტუაციისადმი დაკვირვება და, რაც მთავარია, არც ფიქრი.

მართლაც და, მოსკოვის ქუჩებში რომ გაივლი, შეატყობ: ხელისუფლება ცდილობს იმის იმიტაცია შექმნას, რომ ქალაქს არაფერი აკლია – ყველაფერი წესრიგშია, ეკონომიკური ემბარგო დამაბრკოლებელი არ არის, ხოლო ის, რომ დასავლური კომპანიები რუსეთიდან გარბიან, „ეს საერთოდ ქვეყნისათვის კარგია, ნამდვილად იღბლიანი დრო დადგა“.

ტვერის ქუჩაზე ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასასრულს რუსეთში გახსნილ პირველ ამერიკულ „მაკდონალდსს“, კომპანიის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, სახელი შეუცვალეს და ახლა, ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების მთელ ყოფილ სისტემას „გემრიელია და წერტილი“ ეწოდება. ამერიკული ბრენდის კლონი არა მარტო მოსკოველების კვებას აგრძელებს, არამედ – ბევრს ასაქმებს და ხელფასს უხდის.

rusui-maki-1659361887.png

„ამ ყველაფერს – საჭმელებს, დიზაინს – თვითონვე ვამზადებთ და ვქმნით, დასავლელი ყოფილი პატრონების გარეშე. იმედი მაქვს, მალე ყველა დასავლელს აქედან მოვისვრით“, – ამბობს „გემრიელია და წერტილის“ ერთ-ერთი კლიენტი.

ზოგიერთი მოსკოველი აღიარებს, რომ, უბრალოდ, აღარ ლაპარაკობენ ისეთ, საკმაოდ უხერხულ თემაზე, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. სპეცოპერაცია, რომ მეგობრებთან და ნათესავ-ახლობლებთან ურთიერთობა შეინარჩუნონ. ბევრი ბრალს სდებს „დასავლურ პროპაგანდას“ და ამტკიცებდ, რომ ამერიკელებისა და ევროპელების შემხედვარეს, რუსებს სასირცხვილო არაფერი აქვთ. არიან ისეთებიც, რომელთა აზრით, რადგან მოვლენებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, უმჯობესია, ჩუმად იყვნენ და დუმილი შეინარჩუნონ.

თუმცა ზოგიერთებს ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი გაბედულება: მოსკოვის კაფე „პუშკინში“ ალექსი ვენედიქტოვთან ერთად ვზივარ. იგი საკმაოდ ხმამაღლა გმობს უკრაინასთან ომს და მას „კატასტროფულს“ უწოდებს. ოფიციანტები შეშფოთებული სახით გვიყურებენ. ალექსი ვენედიქტოვი რადიო „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორია, რომელიც რუსეთის მთავრობამ ჯერ „უცხოეთის აგენტად“ (უცხოური გრანტების მიმღებ სუბიექტად) შერაცხა, შემდეგ კი, ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, გადაცემა დაუხურა. „მე მისთვის ადრე „მტერი“ ვიყავი, ახლა კი „ქვეყნის მოღალატე“ ვარ“, – ამბობს ალექსი ვენედიქტოვი ვლადიმერ პუტინის მისამართით.

რადიო „ეხო მოსკვის“ ყოფილი ხელმძღვანელი მრავალი წლის განმავლობაში ფრთხილად იქცეოდა – თავის საქმიანობის დროს იგი ერთდროულად ცდილობდა რადიოს დამოუკიდებლობაც დაეცვა და კრემლის მაღალჩინოსნებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. მაგრამ ყველაფერი რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრით დასრულდა: „მე ჩემს თანამშრომლებს გამოვუცხადე, რომ რადიოს დახურვა ჩვენი თავისუფლების ფასი იყო… და უმუშევრად დარჩენაც… მე მათ ვუთხარი: გინდოდათ თავისუფლება? მე ვცდილობდი, რომ თქვენ თავისუფლები ყოფილიყავით. მე როგორც შემეძლო, ისე გიფარავდით. მე ვიყავი თქვენი „კრიშა“, ახლა კი ჩვენ, ყველა, თავისუფლების ფასს ვიხდით“.

ალექსი ვენედიქტოვს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მარგარიტა სიმონიანთან – ტელეარხ „რაშა თუდეის“ (Russia Today) ხელმძღვანელთან, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერია. მისი ტელეარხის ეთერში საუბარი სულ „სპეცოპერაციაზე“ (ომზე) მიდის. „მე მას მარიუპოლში დაღუპული ბავშვების ფოტოები ვაჩვენე, შემდეგ კი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინელებმა საკუთარ თავს ყველაფერი თვითონ გაუკეთეს. ისინი ნაცისტები არიან“. მას შემდეგ ჩვენ ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით. მე, უბრალოდ, არ მესმის, რომ მას, როგორც დედას, ასე ლაპარაკი როგორ შეუძლია. სამწუხაროდ, ასე ფიქრობენ ბევრ რუსულ ოჯახში“.

დიდ რუსულ ქალაქებში, სადაც ახალგაზრდები უფრო ლიბერალურად არიან განწყობილნი, ოჯახის წევრებს (განსაკუთრებით მშობლებსა და შვილებს) შორის არსებული უთანხმოება დაძაბულობას ქმნის. მამა ალექსი, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარე მონასტრის წინამძღვარია, ამბობს, რომ მასთან ათეულობით და ასეულობით ადამიანი, განსაკუთრებით – პენსიონერები მიდიან და შველას სთხოვენ ოჯახში შვილებთან შექმნილი კონფლიქტების გამო. გარდა ამისა, მამა ალექსის ბევრი მორწმუნე ახალგაზრდაც ეკითხება, თუ როგორ შეიძლება მშობლების პოზიციის შეცვლა ომთან მიმართებით. „ადამიანები უდიდეს სტრესს განიცდიან, ოჯახებში მუდმივად დაძაბული სიტუაციაა“, – ამბობს მღვდელი.

მოკლედ, რუსებს არჩევანი დიდი არ აქვთ: იტყვიან რამეს ომის საწინააღმდეგოდ და ისეთი ბედი ეწევათ, როგორც მოსკოვის საბჭოს დეპუტატ ალექსი გორინოვს დაემართა: ყველამ კარგად იცის, თუ რატომ დააპატიმრეს იგი – ომის წინააღმდეგ გამოსვლისა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციის გამო“ ხალხის რჩეულს ივლისის დასაწყისში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share