მსოფლიოს 100 საოცარი აღმოჩენის ქრონიკამ ერთ წიგნში მოიყარა თავი: Lost Cities, Ancient Tombs: 100 Discoveries That Changed the World /დაკარგული ქალაქები, უძველესი სამარხები: 100 აღმოჩენა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო“. არქეოლოგებისა და მკვლევრების მიერ მოყოლილი ისტორიები პლანეტის წარსულს აცოცხლებს. წიგნი მსოფლიოს უმსხვილესმა სამეცნიერო პლატფორმამ National Geographic – მა გამოსცა.
100 საკვანძო ექსპედიცია დეტალურად არის განხილული, უხვად ილუსტრირებული და ფოტო ქრონიკით დატვირთული. 6 კონტინეტზე გადაჭიმული ცივილიზაციის ისტორიას მეცნიერები დაუფარავად გვიყვებიან. ამბები სავსეა გამარჯვებებით, შეცდომებით, დღემდე საკვლევი საიდუმლო კოდებით. აღმოჩენები შეეხება ცნობილ სამარხებს, ფარაონების საგანძურს, ტერაკოტას მეომრებს, მაჩუ-პიქჩუს, მაიას ცივილიზაციას, ბუდისტურ სალოცავებს, ტიტანიკს, გამოქვაბულის ნახატებს, ალიასკის არტეფაქტებს და ბევრისთვის ნაცნობ არქეოლოგიას.
„როგორც მუზეუმის დირექტორი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ გამოცემაში ასახული მსოფლიოს 100 არქეოლოგიური საოცრებიდან, ორი ნიმუში ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დმანისი მოხვდა და, ალბათ, სულ დარჩება იმ აღმოჩენების გვერდით, რომელიც მსოფლიო ასეულს წარმოადგენს. მე ვიტყოდი, რომ საქართველო, ალბათ, არის მსოფლიო მეცნიერების, უფრო კონკრეტულად კი, არქეოლოგიის ავანგარდში“, — განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
დმანისში აღმოჩენილი ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ატარებს და გვიყვება, თუ რა გზით დატოვეს ჰომინიდებმა აფრიკა, შემდეგ კი გავრცელდნენ ევროპაში.
National Geographic-ის ქართულმა რედაქციამ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია მიუძღვნა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს და იმ უმნიშვნელოვანეს რჩეულ აღმოჩენებს, რომელიც National Geographic-ის ახალ წიგნში შევიდა.
netgazeti