რა წერია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 6 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება. საბჭო აკვირდება, როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომელიც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით დაეკისრა. “რადიო თავისუფლების” ხელში აღმოჩნდა სხდომის სამუშაო დოკუმენტი.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომელზეც ევროპელი დიპლომატები ქართულ დელეგაციას უნდა ელაპარაკონ. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასეთია – სათანადო პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

“მოვუწოდოთ საქართველოს, უფრო ეცადოს დემოკრატიის კონსოლიდაციას და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მათ შორის სასამართლო და კორუფციასთან ბრძოლა, უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, რაც მოიცავს, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მედიის თავისუფლებასა და გენდერულ თანასწორობას. ეს აუცილებელი პრიორიტეტებია იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე”, – წერია დოკუმენტში.

საქართველოს შეახსენებენ, ჩაატაროს რეფორმები, რომელთა წყალობითაც უფრო დაცული იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.

სასწორზე მხოლოდ კანდიდატის სტატუსი არ დევს. რეფორმების წარმატებაზე ისიცაა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა საქართველო 3.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ევროკავშირისგან.

კიდევ რა წერია?

ბევრ სხვა საკითხთან ერთად, დოკუმენტში ვკითხულობთ:

  • სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი დეტალი მიანიშნებს, რომ სასამართლოები პოლიტიკურ ზეგავლენის ქვეშაა;
  • მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი;
  • ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შესამცირებლად და ქართულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, ევროკავშირთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობაა საჭირო;
  • საქართველომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ადამიანის უფლებების დასაცავი სტრატეგია 2021-30 წლებისთვის, დაიცვას შრომითი უფლებები და უკეთ იმუშაოს უმცირესობების, მათ შორის ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვაზე;
  • საქართველოს მოუწოდებენ, დაიწყოს “გულწრფელი დიალოგი” აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, იმუშაოს ადამიანებს შორის კონტაქტის და ნდობის გაძლიერებაზე. კონტექსტი რთულია, მაგრამ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია;
  • საქართველოსგან მოელიან, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაეხმაროს რუსეთს ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლაში;
  • საქართველო კარგად ართმევს თავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს, ბოლომდე მიიყვანოს ყველა რეფორმა, რომელსაც მისგან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს.

შინაარსი იგივე, კონტექსტი სხვა

საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა. იქიდან მოყოლებული, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო უკვე ექვსჯერ შეიკრიბა. საქართველოს მხრიდან მისი თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან – საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი.

სამუშაო დოკუმენტში ნახსენებ თითქმის ყველა საკითხზე ამ ორმა შარშანაც ილაპარაკა. 2021 წლის 16 მარტს, ბორელი მოუწოდებდა ქართველ პოლიტიკოსებს „საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და წავიდნენ კომპრომისზე“, ხელისუფლებას კი სთხოვდა, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა.

ღარიბაშვილი პასუხობდა, საქართველო აუცილებლად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, მით უმეტეს, რომ 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე შეგვაქვს განაცხადიო.

წელს გეგმები შეიცვალა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევმა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს შეიტანა განაცხადი. მოლდოვასთან ერთად მას საქართველომაც მიბაძა.

23 ივნისს საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ევროპული პერსპექტივა, ანუ დათქმა და იმის აღიარება, რომ მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია. თუმცა უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, ჯერ არ მიუღია კანდიდატის სტატუსი.

ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ანუ: დაძლიოს პოლარიზაცია, ჩაატაროს სასამართლოს რეფორმა, და გაანთავისუფლოს ის პოლიტიკური ზეგავლენისგან, დაიცვას უმცირესობების უფლებები, ებრძოლოს კორუფციას და ასე შემდეგ.

რადიო თავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share