ვინც პარლამენტში შევიდა და შევა, „ოცნების” ფაქტიური წევრია- ლევან თარხნიშვილი

„ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ჩემთვის არ არის საინტერესო, როგორც პოლიტიკოსები  და როგორც პიროვნებები. ყველა ის ადამიანი, ვინც შევა და შევიდა პარლამენტში, ფაქტობრივად არის „ქართული ოცნების“ ფაქტიური წევრი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა  პარტია „მოქალაქეების” პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” “ქართული ოცნების” მემორანდუმს არ შეუერთდება.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ ვაპირებთ, შევუერთდეთ ამ მემორანდუმს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ რაუნდზე წარადგინა და რომელზეც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ იქვე უარი განვაცხადეთ. ეს არის ამის გაუარესებული ვარიანტი.

კერძოდ, გაუარესება არის მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების მეთოდში, დამატებულია პრეზიდენტი, დამატებულია პარლამენტი, ისედაც ბუნდოვანი იყო და უფრო ბუნდოვანია, თუ რის შეცვლას აპირებენ საარჩევნო გარემოს ფორმირების წესებში. შესაბამისად, ნამდვილად არ ვაპირებთ ამ გაუარესებული დოკუმენტის შეერთებას, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთ რაუნდზე უკეთეს ვერსიაზე უკვე ითქვა უარი.

ხაზგასასმელია, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რასაც მთლიანად ოპოზიცია აყენებდა პირველი ნოემბრიდან, არ არის გათვალისწინებული ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი. ვინ შეუერთდება ამას, უცნობია. „ევროპული საქართველო“ და ის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ორი დღის წინ გამოვაქვეყნეთ განცხადება და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ოთხი მოთხოვნა, ნამდვილად არ ვაპირებთ შეერთებას“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share