1891 წელს რუსეთში პურის მოსავალი მთლინად გაფუჭდა, რის გამოც რუსეთის 17 გუბერნიაში 37 მილიონი ადამიანი საკვების გარეშე დარჩა და რუსეთში არნახული შიმშილობა დაიწყო, რომელიც ისტორიაში რუსეთის 1891-1892 წლების შიმშილობის სახელით შევიდა. მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო რუსეთმა დახმარება უცხო ქვეყნებიდანაც ითხოვა.
ყველაზე დიდი და იმ დროისათვის წარმოუდგენელი მასშტაბების დახმარება რუსეთს ამერიკის ხალხმა აღმოუჩინა, ამერიკელებმა ძალიან დიდი რაოდენობა პროდუქტი და რაც მთავარია სამედიცინო დანიშნულების ტვირთი შეიტანეს რუსეთში,
რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩინა.
როგორც ირკვევა რუსეთის დამშეულ გუბერნიებს დახმარება გურულებმაც აღმოუჩინეს, ძველი პრესის მიხედვით იმ დროისათვის უკრაინაში გასტროელებზე მყოფმა გურიის ამხანაგობის სამუსიკო ორკესტრმა, რომელსაც ლუარსაბ კეშელავა ხელმძღვანელობდა რამდენიმე კონცერტი გამართა, რომელზეც შეგროვებული ფული დამშეულთა დასახმარებლად დაიხარაჯა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში მთელ საქართველოში და მათ შორის გურიაშიც აქტიურად გროვდებოდა დამშეულთა დასახმარებელი სურსათი და ფული.
თუმცა გაზეთ ივერიაში (30 იანვარი 1892 წელი #22; 1892) გამოქვეყნდა სტატია რომელშიც წერილის ავტორმა ერგვარად დასცინა ოზურგეთში დამშეულთა დასახმარებლად გამართული საღამოს ინიციატორებსა და მონაწილეებს. ივერიის წერილიდან ჩანს, რომ მაშინ არსებული ტრადიციის მიზნით „ალეგროობა“ ანუ საქველმოქმედო საღამო გამართულა, რომელიც ასევე ტრადიციულ ბანქოს თამაშში, ქეიფსა და ცეკვათამაშში გადაზრდილა.
„ოზურგეთი: რუსეთის შიდა გუბერნიების მოუსავლობით დაზარალებულ მკვიდრთა გაჭირვებულმა მდგომარეობამ ოზურგეთელთა გრძნობაზედაც იმოქმედა. რამდენისამე პატივცემულ მანდილოსნის თაოსნობით 25 ამ თვისას ამ საკეთილო აზრით გაიმართა საცეკვაო საღამო ბუფეტითა და ქაღალდის თამაშობით.
სიმართლე უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ცხოვლად ჩაიარა ამ საღამომ: მრავალ-გვარი სასმელი შესვეს, იმავე დამშეულთა სასარგებლოდ და, დასასრულ ლაზათიანადაც ივახშმეს, ალბათ ისიც დამშეულთა სასარგებლოდ. სწორედ ნაშუაღამევის ექვსი საათი იყო, როცა ვახშმიდან წამოიშალენ და დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ.“
.
ივანე აივაზოვსკის ნახატი – „საკვების დარიგება“ 1892 წელი.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა