ნახატები შესრულებულია ანტონ გოგიაშვილის (გოგეშვილი)-ს მიერ 1904 წელს
იქ, სადაც ბუნება ხელს უწყობს მეოჯახეს აბრეშუმის ჭია წელიწადში ორჯერ გაიჩინოს და საუკეთესო აბრეშუმეულობით უცხო ქვეყნებს კონკურენცია გაუწიოს, სწორედ ამ უცხო ქვეყნიდან შემოტანილ აბრეშუმეულსა აქვს ბაზარი. სხვათა შორის როგორც ზევითა ვსთქვით, გურიაში აბრეშუმის ჭია შესანიშნავად ხეირობს. მართალია აქ დიდძალი აბრეშუმის მოწევა შეიძლება, მაგრამ, სავალალოდ გურია, დღემდე სხვის მუშად ითვლება. იმის მაგივრად, რომ თვითონა ნახოს რაიმე ხეირი, მისი ნაოფლარით სხვა მუქთახორა, უშრომლადა სარგებლობს.
რაკი გურიაში გურიაში ნაქსოვი აბრეშუმეულობა ადგილობრივ ბაზარს არა სცილდებოდა და არც აქაურების მიერ ტლაქად ამოღებულ ძაფსა ჰქონდა გასავალი, ჩარჩებმა გურულებისაგან მარტო აბრეშუმის ჭიის პარკის ყიდვა დაიწყეს.
ფუთ პარკში 4-5 მანეთს აძლევდნენ ეს ჩარჩები და მერე მავე პარკსა ხუთ თუმნადა ჰყიდნენ, ესე იგი მწარმოებელი სჯერდებოდა იმის მეთედს, რასაც ჩარჩი მზამზარეულ საქონელში იღებდა. მოდი და ნუ დასჯერდები, როცა თავს ზევით ძალა არა გაქვს!
გურული წყევლიდა ჩარჩს „უღვთოს“ „იუდის კერძს“ ეძახდა, მაგრამ იმავე „უღვთოს“ უნდა დაღრეჯოდა: „შენი ჭრიმე, წაიღე, გამისაღეო“. ძალზე გამწვავდა საქმე. შეგნებულმა ნაწილმა ადგილობრივი საზოგადოებისამ გადაწყვიტა მიჰშველებოდა მწარმოებელს და მათი ცხოვრება გაეუმჯობესებინა, ეხსნა ჩარჩის ხელიდან, შუმავლად გაჰხდომოდა მწარმოებელსა და მომხმარებელს, და მათი ცხოვრებაც გაეუმჯობესებია და წარმოებაც გაეძლიერებია.
უნდა დაეარსებიათ ამხანაგობა. ამ ამხანაგობას აზრად უ ნდა ჰქონოდა: გაევრცელებინა გურიაში მეაბრეშუმეობა: საქმე ისე უნდა დაეყენებია, რომ გურიიდან შეუმუშავებული მასალა კი არ გაეზიდნათ არამედ შემუშავებული, და ფული, შრომის ფასი, ერთი ოცად დატრიალებულიყო გურიაში.
რა თქმა უნდა არც თავის-თავი უნდა დაჰვიწყებოდა ამ მომავალ ამხანაგობას. დროც ხელს უწყობდა: ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მარტოოდენ „ამხანაგობის“ დაარსების შესახებ ლაპარაკობდნენ, ხალხი თანაგრძნობით ეკიდებოდა ამხანაგობის დაარსების აზრს. ბოლოს 1896 წელს დაარსდა ამხანაგობა „შუამავალი“, ანუ გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა, რომელშიც ყველას შეუძლია ჩაეწეროს, თუ კი საწევრო ფულს, ერთ თუმანს წარმოადგენს. საუკეთესო ნაწილი ოზურგეთისა, და კერძოდ გურიის მკვიდრთა, დიდი აღტაცებით მიეგებენ ამ ახალ ამხანაგობას, რომელსაც შეეძლო შეეცვალა მათი მდგომარეობა, შველა და დახმარება მიეცა. პირველში „შუამავალს“ 500 მანეთი-ღა შეუგროვდა საწევრო ფული. რა თქმა უნდა, ამ თანხით შორის მანძილის გავლა არ შეიძლებოდა. რადგან საქმის დაწყება ეჩქარებოდათ, ხოლო ფული არ ჰქონდათ, 8,000 მანეთი ისესხეს.
მოქმედების რაიონად პირველად აირჩიეს დ. ლანჩხუთი. აქ თავს იყრიდნენ აბრეშუმის პარკის მყიდველები. რა თქმა უნდა ამათ არ ეჭაშნიკათ მეტოქის ნახვა და ისიც შინაურისა.
პირველ წელიწადსვე „შუამვალმა“ აბრეშუმის პარკის ფასი ერთი ორად ასწია: 4-5 მანეთის ნაცვლად ერთ ფუთში 10 მანეთს აძლევდა. უცხოელები იძულებულნი გახდნენ ამ ფასად ეყიდნათ პარკი. ამ მეტოქეობით სარგებლობდა გლეხი-მწარმოებელი. გლეხმაც მოიგო იმ წელიწადსა და „შუამავალსაც“ 1300 მანეთი წმინდა მოგებაც დარჩა. ლანჩხუთშივე გახსნა „შუამავალმა“ სახელოსნო, აბრეშუმის ძაფის ამოსართავად, გამოიწერა მანქანები ხონის მეაბრეშუმეთა ამხანაგობისაგან და სოფლის ქალებს მშვენიერი წმინდა ძაფის ამოღება შეასწავლა. ამავე დროს „შუამავალმა“ გახსნა განყოფილებები საჯავახოსა და სოფ. დვაბზუში (ოზურგეთთან ახლოს). შეიძინა მიწა, ზოგიც უსასყიდლოდ შესწირეს მემამულეებმა (მამულაიშვილებმა დვაბზუში). მეორე წლისათვის „შუამავალმა“ 4000 მანეთის საღი თესლი ნისიად დაურიგა ხელმოკლე სოფლებს. ამით დიდი თანაგრძნობა და პატივისცემა დაიმსახურა ნორჩმა ამხანაგობამ საზოგადოებისა და წევრთა რიცხვი თან-და-თან ემატებოდა. თუმცა ისიც უნდა ვსთქვათ, რომ არც მოწინააღმდგეგეთ ეძინათ; განსაკუთრებით ვაჭრებს. ესენი ჰფიქრობდნენ და დღესაც იმ აზრისა არიან, რომ „შუამავლის“ გაძილიერება, კერძო, სათითაო ვაჭრებს თუ ბოლოს არ მოუღებს, არც ხეირს დააყრისო; თუ გაძლიერდა ეს ამხანაგობა, ხელში ჩაიგდებს მთელ აღებ-მიცემობას და ჩვენს დუქანს აგვალაგებინებსო. აი სწორედ ვაჭრობის ერთის ხელში მოსალოდნელმა კონცენტრაციამ დაუფრთხო ძილი ვაჭრებს და გადაწყვიტეს ხელი შეეშალათ „შუამავალის“ მოქმედებისათვის, ფრთის გაშლის ნება არ მიეცათ. ამ გაზაფხულზე ოზურგეთში ისეთ ვაჭრებს დაუწყიათ თურმე აბრეშუმის ჭიის პარკის ყიდვა, რომელთაც თავის დღეში არ უყიდნიათ პარკი, და აბაშასა და ალნჩხუთში ჩამოსულ ჩარჩებისათვის მიეწოდებიათ. მიუხედავად ამისა, „შუამავალი“ უფრო გაორკეცებული მხნეობით მოქმედებდა. წლეულს 16 000 მანეთის პარკი უყიდნია, გაუშრიათ და ასე მომზადებული პარკი ფუთი 43 მანეთად გაუყიდნია. ყოველსავე ხარჯს გარდა, „შუამავლის“ წევრებს 4000 მანეთ წმინდა მოგება დარჩენიათ. როგორცა ვთქვით, ნდობა დიდი დამსახურა „შუამავალმა“. დიაღაც ექნება ნდობა ისეთ დაწესებულებას, რომელიც წონაში არავის ატყუებს, ფულს ნაღდად აძლევს და, ამასთან, სხვაზე მეტს თუ არა, ყოველსავე შემთხვევაში, ნაკლებს მაინც არ აძლევს საქონლის პატრონს. შუამავალმა გარდა აბრეშუმისა, მიმდინარე წელს ბაზარი გაუჩინა გურიის სოფლების ხილსაც. გურიაში ხილი აუარებელი მოდის და, ამასთან კარგი ღირსებისაც, მაგრამ პატრონი კი ხეირსა ვერასა ხედავს: ან შენახვა არ იცის, ან ვერ გაუგზავნია სადმე სხვაგან და რიგიან ფასში ვერ გაუსაღებია. თუ გაიტანა ოზურგეთს ვერ გასცდება.
დღეს აღებ-მიცემის საგანი გახდა: თაფლი, თაფლის სანთელი, თხილი, ვაშლი და სხვ. ყველაფერში ერთი-ორად ასწია ფასები „შუამავალმა“. თხილი წინა წლებში 6 აბაზს ზევით არ გაყიდულა ფუთი, წლეულ კი „შუამავალი“ 13 აბაზადაც ჰყიდულობდა ფუთს.
თაფლის სანთლის ფასი 16-18 მანეთი იყო ფუთზე. წლეულ 22 მანეთს იღებდნენ სოფლელნი იმავე საქონელში.
ბაზარი გაუჩინა ასევე ვაშლს, მსხალს, ბროწეულს. მარტო თხილი – 2,200 მანეთისა იყიდა, სანთელი – 1,200 მ. თაფლი – 1,600 მანეთისა.
ყველაფერი ეს მიდის რუსეთის ქალაქებში და კარგი მოგებაცა რჩება ამხანაგობას.
თედო სახოკია (1897 წელი ჟურნალი „მოამბე“) .
მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა.