გაზეთი „კავკაზის“ ერთ-ერთ ნომერში (1899 წელი N18) ასეთ ინფორმაციას წავაწყდი – „გუშინ 19 იანვარს ტფილისის საოლქო სასამართლოს სისხლს სამართლი განყოფილებაში განიხილებოდა ქართული გაზეთის „ცნობის ფურცელის“ რედაქტორის ვ. ლ. გუნიას ბრალდების საქმე, რომელიც შეეხებოდა მის მიერ გამოცემულ გაზეთში წინასწარი გაზრახვით დაბეჭდილ ცრუ ცნობებს, რომლითაც შეიბღალა ვინმე ხ. მა-ის პატიოსანი სახელი, ხსენებული ცნობები დაბეჭდილი იყო გაზეთ „ცნობის ფურცელის“ 1897 წლის 369 ნომერში.“ პრესასთან დაკავშირებული დავები პირადად ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, ინტერესი კიდევ უფრო მეტი გამიჩნდა, როცა გავარკვიე, რომ საკითხი შეეხებოდა მე-19 საუკუნის მიწურულს სოფელ მელექედურში განვითარებულ ამბებს.
გაზეთებში „ცნობის ფურცელსა“ და „კავკაზში“ 1897-1899 წლებში გამოქვეყნებული ეს ისტორია ასეთია: ცნობის ფურცელში გამოქვეყნდა მელექედურის მკვიდრის (ერთი მრევლთაგანი) წერილი, რომლის მიხედვითაც სოფლის მოსახლეობას 1890 წელს ძველი ხის ეკლესიის ნაცვლად ახალი ქვის ეკლესიის აშენება გადაუწყვეტია, ამ მიზნით ფულიც შეუგროვებია და საქმის გაძღოლა რამდენიმე კაცისათვის მათ შორის სოფელში ჩამოსიძებული არაქართველისათვის მიუნდვია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოსიძებულის სახელი და გვარი წერილში არ მიუთითებია – „ჩვენდა საუბედუროდ და სამხუხაროდ. 1890 წელში ნაცვლად ძველის ხის ეკლესიის შენობისა გადავსწყვიტეთ ქვის შენობის აგება და, როგორც ჩვეულებაა ავირჩიეთ ვექილები, რომელთა რიცხვში ერთი კაციც მოჰყვა. სხვაგნიდან არის, აქ, ჩვენში არის ჩამოსახლებული და მართლ-მადიდებელი ქალი ჰყავს ცოლად.“
წერილის მიხედვით ძვლივს გასჭრეს ახალი ეკლესიის საძირკველი, რომ მელექედურელი მიქელაიშვილი ფირალად გავარდნილა, რის გამოც რუსებს მთელი სოფელი აუწიოკებიათ, მამასახლისი დაუნიშნავთ, რომლის ხელფასი მელექედურელებს უნდა ეხადათ – „დიდხან გვარბიეს და გვაწვალეს, ჩვენის ჯამაგირით მამასახლისიც კი დაგვინიშნეს და იქამდე გვტანჯეს, ვიდრე სული ხორცს არ გაეყარა. რა საკვირველია ეკლესია ამ ჭირ-ვაი-ვაგლახისას დაგვავიწყდა და კიდეც რომ არ დაგვიწყებოდა სად იყო ფრჩხილი მოსაფხანად!“ შემდეგში მიქელაიშვილი მოუკლავთ და სოფლის მოსახლეობასაც შეეშვნენ რუსები. როგორც კი მელექედურელებს ოდნავ ამოუსუნთქავთ ეკლესიის მშენებლობაც გაუგრძელებიათ – „კვლავ მოვკიდეთ ხელი ამ ღვთის სასიამოვნო შრომას და, როგორც იყო იქამდე მივიყვანეთ, რომ წელს დასახურავად მზათ იქნებოდა, მაგრამ სხვაგნიდან ჩამოსიძებულის ხრიკმა აქ იჩინა თავი და მუშაობა შეჩერდა.“ შენობა თითქმის გადახურვამდე მიუყვანიათ, მაგრამ ამის შემდეგ გაჩერებულან, რაშიც ავტორი ჩამოსიძებულს სდებდა ბრალს – „ერთ დღეს ოცი ურემი ქვის მოსატანად გამზადებული, დააბრუნა გზიდან. თურმე ნუ იტყვით ამ ვაჟბატონს დანარჩენი ვექილებისათვისაც გამოუტყუვნია ვექილობა და ამ ნაირად ეკლესიის აგების საქმეში სოფლის წარმომადგენლად ეს ერთი ითვლება.“
ბოლოს სტატიაში ავტორი მთავრობის დახმარებასაც ითხოვდა – „ამ ნაირად, თითქმის დასახურავად გამზადებული ეკლესია უპატრონოდაა მიტოვებული და გაკეთებულიც ფუჭდება, თორემ გასაკეთებელს ვიღა აქცევს ყურადღებას! თუ ეს ვაჟბატონი რამე ნაირად არ მოიცილეს მთავრობის საშუალებით, საქმე ცუდადაა.“
სტატიის გამოქვეყნებისთანავე მელექედურში მცხოვრებ ხ. მ-ს გაზეთისათვის მიუმართავს წერილით და მოუხსენებია – მართალია სახელი და გვარი არ დაუსახელებიათ მაგრამ ერთ-ერთი ვექილი მეც ვიყავიო და სოფელშიც ჩემს მეტი არაქართველი ჩამოსიძებულიც არავინ არა არისო, ამიტომ წერილში ჩემზეა საუბარი და ასეც აღიქვა ხალხმაცო, რის გამოც ჩემი პატივი და ღირსება შეილახა, რადგანაც გაზეთში გამოქვეყნებული ამბავი ტყულია და ბრალი არ მიმიძღვისო. ამასთანავე გაზეთისათვის მოუთხოვია სტატიის ავტორის ვინაობის გამხელა, რაზეც უარის მიღების შემდეგ მ-მა გაზეთის რედაქტორს ვ. გუნიას სასამართლოში უჩივლა. მომჩივანს ყველაზე უფრო შეურაცმყოფლად და ღირსების შემლახველად წერილიდან შემდეგი ციტატები მიუთითებია – „ვინ იფიქრებდა, თუ თავისებურ ხრიკებს და მელაძუობას არ დაიშლიდა და ამ წმინდა საქმეშიაც თავისს პირად ანგარშებს ჩაურევდა.“ და ასევე „როცა სხვა ვექილები ცდილობდნენ, ეს ვაჟბატონი ნარდის და კარტის თამაშში იყო გართული, ხოლო რადგანაც ყოველივე საქმე და ანგარიში მას ჩავარდნია ხელში, აქა-იქ შეუთლ-შემოუთლია და ეხლა ეკლესიის შენობის დამთავრებას იმიტომ აჩერებს, რომ ანგარიშებს გაუძვრ-გამოუძვრესო.“ სასამართლოში „ცნობის ფურცელის“ რედაქტორს ვ. გუნიას ვექილი გვაზავა იცავდა, ხოლო კერძო ბრალდება თავად მომჩივანმა მ-მა წარადგინა, რის თაობაზეც გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა – „გუშინ, 19 იანვარს, გაირჩა ეს საქმე ოლქის სასამართლოში, სოფლიდამ ჩამობრძანდა თვითონ მომჩივანი და წარუდგინა სასამართლოს სხვა და სხვა საბუთები, რომლებით ამტკიცებდა თავის პატიოსნებას და დამსახურებულს პატივისცემას და მადლობას მთელი სოფლისას“.
სხდომაზე მ-მა ცნობის ფურცელის რედაქტორისაგან კვლავ ითხოვდა გაეცხადებინა ვინ იყო სტატიის ავტორად მითითებული – „ერთადერთი მრევლთაგანი“ რის სანაცვლოდაც მორიგებაზეც იყო თანახმა, თუმცა ამაზე რედაქტორი არ დათანხმდა. შემონახულია სასამართლო სხდომის მიმდინარეობა: „ვექილი გვაზავა: გთხოვთ ჰკითხოთ მომჩივანს, ჰქონდა რაიმე ცნობა მასთან ბატონ გუნიას თუ არა ამ წერილის დაბეჭდვამდე. თავმჯდომარე ეკითხება მომჩივანს მომჩივანი: არა მე გუნია არ მიცნობდა და მეც არ მქონია მასთან არანაირი ცნობა; ვექილმა გვაზავამ მოახსენა სასამართლოს, რომ ბატონ გუნიას ამ საქმეში არ მიუძღვის არავითარი ბრალი. სამწუხაროა, რასაკვირველია, როცა კორესპონდენი ატყუებს თავის რედაქტორს და სწერს ისეთს ამბავს, რომელიც ყოველ სიმართლეს მოკლებულია, მაგრამ ამავე დროს ეჭვი არ არის, რომ გუნიას არ ჰსურდა მომჩივანის გალანძღვა და არ იცოდა, რომ დაბეჭდილი ამბავი მოგონილია და უმართებულო. თვითონ მომჩივანი ამბობს, რომ ბ. გუნია არ მიცნობდაო. თუ არ იცნობდა, არც განძრახვა ექნებოდა გაელანძღა იგი, თუ განძრახვა არა ჰქონდა მაშინ დასჯაც შეუძლებელია. ბოლოს ბ. გვაზავამ ითხოვა ბ. გუნიას სრული გამართლება“.
მელექედურში ჩასიძებულმა მ-მა პროცესი წააგო და მისი ბრალდება სასამართლომ უსაფუძლოდ ცნო, მაგრამ ცნობის ფურცელმაც აღიარა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი იყო და მ-ს არანაირი ბრალი არ მიუძღვოდა.
სპეციალურად “გურიის მოამბისთვის” მოამზადა – კახა ჩავლეშვილმა