ზუსტად 16 წლის წინ, თავისუფალი სამყაროს და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერი აბანოთუბანში განდაგანას ილეთების გამეორებას ცდილობდა, შემდეგ კი, საქართველო, “რეგიონში თავისუფლების შუქურად” და დასავლეთის მთავარ იმედად დაასახელა. ზუსტად 16 წლის თავზე ევროკავშირი მისი პარტნიორი ქვეყნის ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერის ციხიდან დასახსნელად ფულს იხდის იმის იმედად, რომ საქართველოში დემოკრატიის და დასავლური კურსის ნარჩენები მაინც გადაარჩინოს და მომავალ პოსტკოვიდურ, სამაისო ზეიმებზე თბილისის ცენტრში გვიცეკვონ კი არა, ქართველებმა, კრემლიდან მოვლენილ დიდი რანგის სტუმრებს იქით არ ვუცეკვოთ.
ვინც მოვიდა гаумарджос!
მიშელის დოკუმენტი, დასავლეთიდან წართმეული სუვერენიტეტი, ნაცების დაბრუნების საფრთხე თუ დედარუსეთთან საბოლოოდ ჩახუტება – ამ თუ სხვა მიზეზებისა და სურვილების გამო ლევან ვასაძე, ქრისტიანობისა და ოჯახური ღირებულებების დამცველი რაინდი, ხანგრძლივი თავშეკავებულობის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ველზე ფორმალურადაც გამოჩნდა.
რას ნიშნავს ვასაძე პოლიტიკაში? არის ეს მოსკოვის გეგმა, ივანიშვილის სქემის ნაწილი, ბატონი რაინდის გულწრფელი მცდელობა – გადაარჩინოს განსაცდელში ჩავარდნილი საქართველო, თუ სამივე ერთად? რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ისაა, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენა, მნიშვნელოვანად თუ არა ნაწილობრივ მაინც შეცვლის ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. რის შედეგადაც, შესაძლოა, არა ერთ პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწიოს გეგმების გადახედვა.
ბუნებრივია ფინიშამდე ჯერ კიდევ შორია და სანამ ლიდერი რეალურ პოლიტიკურ ველზე არ გამოიცდება, დარტყმებს არ მიიღებს და საკუთარ დღის წესრიგს არ შექმნის, მანამდე მის პერსპექტივებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა დღეს, როდესაც ამომრჩევლის თითოეულ ხმას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუ ვინმეს აწყობს ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენა, ეს ნაცმოძრაობაა. ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი მაქსიმალურად დანაწევრდეს, თავად კი მარტო ოპოზიციურ ველზე კი არა, მთელ პოლიტიკურ მოედანზე ყველაზე მძლავრ პარტიად მოგვევლინოს. ხოლო თუ ვინმეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ვასაძე, ეს ქართული ოცნებაა, რადგან რაინდის გააქტიურებისა და გახარიას რეიტინგის შენარჩუნების შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებში მმართველი ძალის მხრიდან 43-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა თითქმის შეუძლებელი გახდება. სერიოზულად გაიზრდება კონკურენცია ანაფორიანების მხარდაჭერის მოსაპოვებლად საპატრიარქოს კარზეც, რაშიც ვასაძეს გახარია, ღარიბაშვილი და უცნობი გაეჯიბრებიან და რაც კიდევ უფრო სეგმენტირებულს გახდის ოცნების ამომრჩეველს.
ვასაძე პრობლემებს შექმნის ოპოზიციის იმ ნაწილისთვისაც, რომელთა ელექტორატის უმრავლესობას ღიად პრორუსული თუ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის ამომრჩეველი წარმოადგენს. დარტყმას მიიღებს პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობაც, რომელთა მხარდამჭერთა წრე ბოლო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ისედაც დავიწროებულია.
ბუნებრივია, რაინდის პოლიტიკაში შემოგორება, შესაძლოა, პირდაპირ უკავშირდებოდეს მოსკოვის იმედგაცრუებას იმით, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი, რომლის გაგრძელებაც რუსეთს ძალიანაც აწყობდა, მოგვარებისკენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა წაიყვანა და არა სერგეი ლავროვმა თუ იგორ ივანოვმა, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ჩრდილოეთში ისიც ნათლად დაინახეს, რომ საქართველოში პროდასავლურ კოალიციას გამარჯვების შანსი გაუჩნდა. ამიტომაც, კრემლმა ოცნებისთვის ახალი, მისთვის უფრო სანდო კოალიციური პარტნიორი მოამზადა, ივანიშვილს კი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის თადარიგის დაჭერისკენ უბიძგა და მაგიდაზე გეგმა დაუდო, რომლის მიხედვითაც ოცნებაც, ვასაძეც, გახარიაც, უცნობიც, ნაცნობიც უბრალო საცეცები გახდებიან და რვაფეხასთვის ძალაუფლების შენარჩუნებას მოემსახურებიან. რვაფეხასთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია, და რომლის 8-წლიანი მმართველობითაც მოსკოვი ჯამში კმაყოფილია.