შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 250 ათასი ადამიანი შემოვიდა.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაახლოებით 4-5 დღის წინ, რუსეთიდან 5 ათასიდან 6 ათას ადამიანამდე შემოვიდა, გუშინწინ იყო 11 200 თუ 11 400 ადამიანი და გუშინ 10 400 თუ 10 500 ადამიანი.
როგორც მან განმარტა, ხვალ და ზეგ შეიძლება ეს რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
„რაც შეეხება 250 ათასი ადამიანის შემოსვლას, რუსეთის მოქალაქეზეა ალბათ, საუბარი, ეს არასწორი და ტყუილია. ამდენი ადამიანი არ შემოსულა და საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათას ადამიანამდე შემომსვლელი. ახლა დაახლოებით 10 ათასამდე გაიზარდა, 40-45 %-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი ადამიანი და არც 2 მილიონი, რა ვიცი, ვინ გეუბნებათ და საიდან მოგაქვთ?! მაგალითად, გუშინწინ იყო 11 200 ადამიანი, გუშინ ღამე 10 ათასზე ნაკლები, 100 ათასი და 200 ათასი ადამიანი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60%, შემომსვლელის ფარდობითი რომ ავიღოთ. ზაფხულში იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. ჩვენი აზრით, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას.
ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი როგორც ჩანს, თუმცა, მსოფლიოში, ევროპაში სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათო, ზოგი ამბობს პირიქით, შემოვუშვათ, რომ ეს ხალხი არ წავიდეს ომში. იქნებ ჩამოყალიბდნენ, რომელი უნდათ, შემოვუშვათ თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები?“ – განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის შემოდინების შემდეგ, კრიმინალის დონის ზრდა, გომელაურმა უპასუხა, რომ ამის ალბათობა არის.
„კრიმინალი შეიძლება ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, შეიძლება. რა თქმა უნდა, იმის ალბათობა არის, რომ გაიზარდოს, შეიძლება არც გაიზარდოს“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, ყველაზე მეტი მოქალაქეა „ლარსის“ საბაჟოზე არის. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის.
„10 % არ არის, უფრო ნაკლებია“, – განმარტა მან.
კითხვაზე, რამდენად მორალურია რუსეთის მოქალაქეების საქართველოსი შემოსვლა და განიხილება თუ არა საზღვრის ჩაკეტვის საკითხი, გომელაურმა უპასუხა, რომ რუსები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ამაზე არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა პრობლემა.
„ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიოდნენ საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? უარესი მასშტაბით იყო. ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოებს ურიგებდა, თითო ბოთლს მანქანაში რუსებს, შემობრძანდით ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია- მაშინ არ გახსენდებოდათ? თქვენ ვინც გარიგებთ ამას და კითხვებს ვინც გეუბნებათ, ეს კი იცით. რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?“ -მიმართა გომელაურმა ჟურნალისტს.