ითანამშრომლებს თუ არა “ქართული ოცნება” ერთ-ერთ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებთან” მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მათი მხრიდან ჯერ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ტყუილს, შემდეგ კი, სხვა არასამთავრობოებთან ერთად, არაფორმალურ ძალაუფლებაზე პირდაპირი პრეტენზიის გამოცხადებას?
“ISFED -ის სკანდალი”, რომელიც დღემდე რჩება ფართო განსჯის საგნად, იყო “უბრალო სტატიკური შეცდომა”, როგორც ამას აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი უწოდებს, თუ იყო გაყალბების მცდელობა, როგორც უმრავლესობა აცხადებს?
პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ამ უმნიშვნელოვანს საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუში ვესაუბრეთ. გთავაზობთ ნაწილს, რომელიც ISFED-ის საკითხს ეხება
სულ რაღაც სამი თვის მოსული იყავით პოლიტიკაში, როდესაც საკუთარ თავზე აიღეთ დაპირისპირებოდით ისეთ გავლენიან ორგანიზაციას, როგორიცა ISFED. ეს არ იყო უბრალო ამბავი, რადგან ამ ორგანიზაციას ჰყავს სერიოზული ლობისტი ამერიკის საელჩოს, ამერიკის მთავრობის სახით.
ხმების პარალელური დათვლის თემასთან დაკავშირებით, თქვენ საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოხვედით ფაქტობრივად, ISFED დაადანაშულეთ მონაცემების გაყალბებაში. მიუხედავად არაერთი განცხადებისა, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი დირექტორი გადადგა, თემა მაინც დღის წესრიგში დგას და მასზე კომენტარის აგაკეთება სულ ახლახანს, კიდევ ერთხელ მოუხდა ამერიკის ელჩს. რამე დამატებითი დეტალების შესახებ თუ გახდა თქვენთვის ცნობილი მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ წამოიჭრა ეს საკითხი პარლამენტში?
რაც შეეხება ISFED -ის საკითხს, მთელს გუნდს მოგვიწია შეხება არჩევნების შემდეგ. ჯერ დათვლილიც კი არ იყო ხმები ბოლომდე, როდესაც დათვლის გაყალბებაზე დაიწყეს საუბარი. თავად არჩევნების დღემ უპრობლემოდ ჩაიარა. როდესაც ვნახეთ, რომ ცესკოს და პარალელურად დათვლილი ხმების შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევოდა, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ჩავეძიეთ, შევეცადეთ გაგვერკვია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. საკმაოდ მარტივად დადგინდა, უმარტივესი მათემატიკური გამოთვლით, რომ უნდა ყოფილიყო შეცდომა დათვლაში. ასევე უმარტივესი გამოთვლით დადგინდა, რომ ბათილი ხმები იყო მითვლილი და ეს იწვევდა სხვაობას.
გახსოვთ თქვენ, რომ სამ რიცხვში ითქვა ამის შესახებ და სამწუხაროდ, რეაქციად ვიღებთ თემის იგნორირებას, ან პირიქით შეტეევას, რომ ყველაფერი სწორი იყო. თავისთავად სასწორზე დგას ქვეყნის ბედი.
როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები, ყველას გვახსოვს, სამართლიანი არჩევნები უტიფრად უარყოფდა ყველა ამ შენიშვნას და საბოლოო ჯამში, აღიარა არა იმიტომ, რომ ეს მათი ნება იყო, არამედ იმიტომ, რომ წინა დღეს ჩატარდა ბრიფინგი, სადაც პარტიის თავჯდომარემ თქვა, რომ 11 დეკემბერს იკრიბება პარლამენტი და შეკრებისთანავე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნების საკითხს, მათ შორის პარალელურ დათვლასთან არსებულ გაუგებრობას.
რა თქმა უნდა, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ ცხადი იყო, რომ საგამოძიებო კომისიასთან მას ნამდვილდ მოუწევდა ყველა იმ საბუთების წარდგენა, რომლის გაცნობაზეც ჩვენ უარს გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში. უარს გვეუბნებოდნენ იმ უბნების დასახელებაზე, სადაც მათ ჩაატარეს პარალელური დათვლა. საბოლოო ჯამში, კი აღიარეს პარალელური დათვლის შედეგების სიმცდარე. თუმცა, მოგვიანებით, მორიგი ბრალდება წარმოადგინეს, რომ უბნების 8%-ში იყო მეტობა. ჩვენ ვთხოვდით უბნების სიას, რომ ჩვენც გვენახა სად იყო მეტობა, უარს გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში. მიზეზად ასახელებდნენ, რომ ეს არ იყო მათი შიდასტანდარტი. როდესაც მოვიძიე და გავეცანი მათ შიდასტანდარტს, მსგავსი შეზღუდვა ვერსად ვნახე. შემდეგ ახალი არგუმენტი მოიფიქრეს, რომ ეს არის მათი დამკვირვებლების უსაფრთხოების მიზნით.
რამე საფრთხე ემუქრებოდა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს საქართველოში? იყო ამის წინაპირობა?
ცხადია, არა… ასე გვითხრეს, მართალია, შეიძლება საქართველოში უსაფრთხოების კუთხით პრობლემა არ იყოს, მაგრამ თუ დაიწყებენ უბნების გამჟღავნებას, შემდეგ სხვა ქვეყნებში გახდება შესაძლებელი გამოთვლა, თუ ვინ იყო მათი დამკვირვებელი და შეიძლება საფრთხე შეექმნათ იქო. საბოლოო ჯამში, ესეც რომ არ იყო ლეგიტიმური არგუმენტი, ვნახეთ და საგამოძიებო კომისიამ როცა დაიბარა, მათ მოუწიათ ამ სიის წარდგენა. შეისწავლა კომისიამ ამ უბნების ოქმები და დადგინდა, რომ ესეც იყო ტყუილი. ეს უკვე მოხდა ახალი ხელმძღვანელის პირობებში. მას შემდეგ, რაც საუბარი იყო იმაზე, თითქოს ძველმა ხელმძღვანელმა აიღო პასუხისმგბლობა და დატოვა თანამდებობა. მაგრამ, ახალი ხელმძღვანელობა 6 თვის განმავლობაში მალავდა იმ უბნების სიას, სადაც ჩატარდა პარალელური დათვლა და მას შემდეგ, რაც მოუწიათ საგამოძიებო კომისიითვის ამ სიის წარდგენა, დადგინდა, რომ ესეც იყო ტყუილი.
მაშინ თქვეს, რომ სერბეთის არჩევნების მოდელის მიხედვით მოხდა დათვლა და ეს იყო არაწინასწარგანზრახული, არამედ მექანიკური შეცდომა…
ყველაზე საინტერესოა ის “ნიუსპიკი”, რომელსაც ისინი დღემდე იყენებენ. რეალურად თავისივე აღიარებით, მათ ნოემბრის დასაწყისშივე, ანუ არჩევნებიდან მალევე, იცოდნენ, რომ ეს იყო შეგნებულად დაშვებული ცდომილება, მაგრამ 10 დეკემბრამდე ამ კითხვაზე პასუხობდნენ, რომ შეცდომა იყო. ატყუებდნენ საზოგადოებას და ამ ტყუილს ისინი დღემდე ეძახიან დაგვიანებულ კომუნიკაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მაღალი სტანდარტით უდგება ხოლმე სხვა ორგანოებს, თავად, აშკარა ტყუილს, უმარტივესი „ნიუსპიკით“ ეძახის დაგვიანებულ კომუნიკაციას.
“დაგვიანებული კომუნიკაცია” საინტერესო და მნიშვნელოვანი ტერმინი ახსენეთ… იქნებ თქვენ გაქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის პრობლემა? არ ფიქრობთ, რომ თქვენს მიწოდებულ ინფორმაციას არასანდოდ აღიქვამენ?
სულ ახლახანს, იმას რასაც თქვენ ტყუილს ეძახით, ამერიკის ელჩმა “უმნიშვნელო სტატიკური შეცდომა” უწოდა და განაცხადა: ISFED-მა როგორც კი აღმოაჩინა ცდომილება, რომელიც უმნიშვნელო სტატიკურ მაჩვენებლად ჩაითვალა, დაუყონებლივ აცნობა საზოგადოებას და ინფორმაცია სრულად გაავრცელა.“
რაც შეეხება კონკრეტულად საელჩოს, აქ კომუნიკაციაზე დაბრალება ცოტა რთულია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა, მათ შორის საელჩოს თვალწინ და ეს ინფორმაცია ყველას აქვს. ერთის მხრივ თავად განმარტება, რომ მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღმოაჩინა შეცდომა, საზოგადოებას უმალ აცნობა, არ არის სიმართლე. „სამართლიანმა არჩევნებმა“, მათივე განარტებით, იცოდა ამის შესახებ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში და 10 დეკემბრამდე მალავდნენ.
ჩვენ 16 ნოემბერს გვქონდა შეხვედრა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ის პირდაპირ უარყოფდა ყველაფერს. ერთია დაგვიანებული კომუნიკაცია და მეორეა, როცა პირდაპირ კითხვაზე პასუხობ ტყუილს. ეს იყო ტყუილი!
დეკემბერში ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ფორმატში შეხვედრა, სადაც “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელიც მონაწილეობდა და პლატფორმის ყველა წევრია მოწმე, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ კითხვებზე იტყუებოდა, ამბობდა, რომ ყველაფერი სწორად იყო.
რთულია განვსაჯოთ, იყო თუ არა თავიდანვე ეს მიზანმიმართული გაყალბება, მაგრამ მინიმუმ იმ მომენტიდან, როდესაც შენ გაიგე, რომ ეს იყო შეცდომა და ამის შემდეგ ერთი თვე ატყუებდი საზოგადოებას, ყველაფერი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიცვალა, 2021 წლის ივნისამდე, 6 თვის განმავლობაში, ახალი ხელმძღვანელობაც მალავდა იმ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმის დასადგენად, იყო თუ არა ნამდვილად 8 %-ში მეტობა. შემდეგ აღმოჩნდა, იმიტომაც მალავდა, რომ ეს 8 % ნამდვილად არ იყო და ესეც იყო ერთ-ერთი ტყუილი.
მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვცდილობდით მათთან გვეთანამშრომლა. მაგრამ შემდეგ რაც ვნახეთ 2022 წლის 24 ივნისს, როდესაც სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, პირდაპირ ულტიმატუმი წამოუყენეს პარლამენტს, რომ დაეთხოვა მთავრობა, დაეკომპლექტებინა ეგრეთწოდებული ტექნიკური მთავრობა, სადაც უმრავლესობას, ოპოზიციას და ამავე დროს, ამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ექნებოდა გადამწყვეტი სიტყვა, ანუ ვეტოს უფლება. პრემიერმინისტრი, თუ სხვა მინისტრებიც, უნდა შერჩეულიყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი რამდენიმე არასათავრობო ორგანიზაცია ამას დაეთანხმებოდა. კონსენსუსი უნდა ყოფილიყო ამ სამი რგოლის: უმრავლევლესობა, ოპოზიცია და რამდენიმე ენჯეო.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ეს იყო ზღვარი, რომლის იქითაც არასამთავრობო ორგანიზაცია ხდება პოლიტიკური პარტია. ეს არის ძალაუფლებაზე პირდაპირი პრეტენზიის გამოცხადება. მას სურს ჰქონდეს ძალაუფლება.
პარტიული მიზანი სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს არის სწორედ არაფორმალური ძალაუფლება, როდესაც არ გაქვს ხალხის ლეგიტიმაცია, მანდატი არჩევნების გზით მოპოვებული და გინდა ჩაერთო მთავრობის დაკომპლექტებაში. ეს არის სწორედ, ის არაფორმალური ძალაუფლება, რასაც ისინი სხვა დროს თითქოს აკრიტიკებდნენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებას უკავშირდება, არის ის პასუხი, რაც მათგან მივიღეთ, როდესაც ვკითხეთ, ისინი კვლავ იზიარებენ თუ არა მოთხოვნას და მიაჩნიათ თუ არა სწორად, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობას იღებდეს მთავრობის დაკომპლექტებაში. მათ, ნაცვლად იმისა, რომ დაეფიქსრებინათ თავიანთი პოზიცია, თქვეს რომ რაღაცას ვაბრალებდით და ეს არ იყო მათი მოთხოვნა. არადა, ჩვენ ყველას გვახსოვს ის სურათი, სადაც გამოქვეყნდა რამდენიმე არასამთავრო ორგანიზაციის ე. წ მანიფესტი, სადაც „სამართლიანი არჩევნები“ და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ერთად იდგნენ სცენაზე. „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან ეს „შეიფუთა“ ისე, თითქოს ის კი იდგა სცენაზე, მაგრამ ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. თან, რაც მთავარია, ამას არც ამბობენ საჯაროდ, რომარ იზიარებდნენ.
საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ დისკრედიტირებას უწევენ საკუთარ ორგანიზაციას და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებენ არასამთავრობო სექტორს.
ipress.ge