უკრაინის შეიარაღებული ძალების სტარტკომის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა შეიარაღების განსაკუთრებული რაოდენობა განალაგა. ძირითადად, სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერები რუსული წარმოების შორსმოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, C 300-ის მართვადი რაკეტებით.
უწყებაში ვარაუდობენ, რომ რუსეთი 24 აგვისტოს უკრაინის ტერიტორიაზე ძლიერი შეტევისთვის ემზადება.
სტრატკომი წერს, რომ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის ქალაქ ულან-უდედან გამოვიდა საბრძოლო მასალებით დატვირთული 28-ვაგონიანი ეშელონი. ამ ვაგონებით რუსებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სულ მცირე 32 რაკეტა გადაჰქონდათ. ეშელონი უკრაინის საზღვარს აგვისტოს 20 რიცხვის შემდეგ მიაღწევს, სწორედ ამიტომ ვარაუდობს უკრაინის სარდლობა, რომ შეტევა ამ რიცხვებშია მოსალოდნელი.
გარდა ამისა, სტრატკომის ცნობით, რუსეთის ქალაქ კოტოვოში არსებული სამხედრო საწყობიდან, ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში, რუსებმა C-300-ის რაკეტების 120 კონტეინერი გამოიტანეს.
უწყება აღიშნავს, რომ ასეთივე საწყობი ჰქონდათ მოწყობილი რუსებს ყირიმში, ჯანკოიში, სადაც წინასწარი შეფასებით, C-300-ის დაახლოებით 400-მდე სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი ინახებოდა.
„ჯანკოიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რთული სათქმელია, განადგურდა თუ არა ეს კომპლექსები,“ – წერს სტრატკომი.
შეიარაღების რაოდენობის ზრდა შეინიშნება ზიაბროვკაშიც, ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 22 კილომეტრში. პარალელურად, საზღვრებთან გრძელდება ბელარუსის სამხედრო წვრთნები.
მთავარი ფოტო: C-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემა/ფოტო: TACC