გურიის მოამბე

კახა ჩავლეშვილი-ვინ გახლდათ გურიაში მთავარი პერსონაჟი? ფირალი და არა სოფლის მასწავლებელი?

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვკითხულობ ძველ პრესას, რა დროსაც ჩემი ინტერესი გახლდათ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის გურიის საზოგადოების მდგომარეობა და მთელი ამ ამბის დასასრულს მინდა მცირე შეჯამება გავაკეთო.
ეს გახლდათ საზოგადოება, რომლისათვის სრულიად უცხოა „კრიმინალურ-ეტატისტურ-კერპთაყვანისმცემლური” მენტალიტეტი და ეს ყველაფერი მიუღებელი იყო როგორც ერთობლიობაში, ისე ცალ-ცალკე; უცხოა „ბლატავი”, როგორც თვითდამკვიდრებისა და თვითრეალიზების საშუალება; უცხოა „შავ-თეთრი” ტანსაცმელიც და ცხოვრებაც; უცხოა ღრმა დეპრესიაში ერთმანეთის ჩათრევა; უცხოა – „ჩემი საქმე არ არის”, „მაინც არაფერი გვეშველება”, „არ დამინახია და არ გამიგონია” და სხვა „საარსებოდ აუცილებლი გაგება”; უცხოა გულზე ხელდაკრეფილი საკუთარი და ქვეყნის „მომავალი ბედნიერების” გაუთავებელი ლოდინი; უცხოა ლოდინი იმისა, თუ როდის დაინგრევა ერთი იმპერია, ან მეორე როდის შემოიყვანს კრეისერს შეკვეთილში მათ გადასარჩენად; უცხოა განათლებისადმი და ცვლილებებისადმი პანიკური შიში; უცხოა არასოლიდარული პერსონალური გათითოკაცება; უცხოა „ლიდერისა” და „ზეკაცისადმი” მორჩილება და ა.შ..
.
დღევანდელი „გაგებით”, ამ პერიოდის გურიაში მთავარი პერსონაჟი გახლდათ ფირალი და არა სოფლის მასწავლებელი. ფირალი იმიტომ, რომ კრიმინალია და ეს რაღაც ძალიან გასაგები და „მშობლიურია” ჩვენთვის – და აქ უკვე რაღაც ვეღარ „ებმის”: ვერც გურულების დემოკრატია, ვერც სამართლიანი სასამართლო და არჩევნები; ასევე ძალიან „მშობლიურად” გასაგებია ის, რომ გურიის ყველა აჯანყება კომუნისტებამდე კი მოხდა, მაგრამ მაინც კომუნისტური იყო ა.შ. და ა.შ.
.
ამ ყველაფრის გაგების საწინააღმდეგო მსჯელობა ყველა ჩიხის მიმოვლის შემდეგ თავის ზენიტს აბსურდულ „გურულ სეპარატიზმამდე” აღწევს – თურმე საქართველოსაგან ცალკე რესპუბლიკად გამოყოფა უნდოდათ; და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ორ გუბერნიად დაყოფილი საქართველო თავად გახლდათ რუსეთის იმპერიის ნაწილი.
.
ფაქტია, რომ „გუშინ” ძალიან მცირე, მაგრამ მაინც უფრო მეტი საერთო გვქონდა ზემოხსენებულ საზოგადოებასთან, ვიდრე „დღეს” გვაქვს; ხვალ კი ჩემი სურვილია, უფრო მეტად დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights