საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მარტო ვერ დავტოვებთ – დონალდ ტუსკი

კიდევ ერთი საერთაშორისო გზავნილი და მხარდაჭერა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკა მელიას. ამჯერად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მხარდაჭერა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოუცხადა.

 

ის სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და იქვე აღნიშნავს, რომ მხარს უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს დემოკრატიულ, პროდასავლურ ძალებს უჭერს.

 

“ნუ დაგვავიწყდება ჩვენი მხარდაჭერა პროევროპული და დემოკრატიული ძალებისადმი უკრაინაში, ბელორუსსა და საქართველოში. თბილისში, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაპატიმრებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია. საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მათ მარტო ვერ დავტოვებთ.” – წერს დონალდ ტუსკი.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

 

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share