უგულავა გვარამიას საქმის მოსამართლეს: იჩქარეთ, საცივი, ძმაკაცი და საახალწლო პრემია გელოდებათ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას დღევანდელ პროცესს ეხმაურება.

როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ყურებით უჭირავს და საქმის დასრულებას აჩქარებს.

“ამას წინ ოცნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა მითხრა-შენ რომ საკონსტიტუციო მოიგე და ერთი დღით გამოხვედი ციხიდანო პირველ დღეს ივანიშვილმა გვითხრა -მერე რა, ხომ ხედავ სასამართლო დამოუკიდებელიაო. მეორე დღეს, დილიდან, არმაგედონი მოგვიწყო და დაგვავალა რომ უგულავა ერთ დღეში დაიჭირეთო, თორემ თავებს გაგაყრევინებთო. ასეც მოხდა. მე 23 საათში დამიჭირეს. ეს “დამოუკიდებელი” მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იყო, ვინც დღეს ნიკა გვარამიას ასამართლებს და თავის თავზე მესამე პირში საუბრობს.

ჯერ კიდევ ჩემი პროცესი მიდიოდა, როცა ლაშა ჩხიკვაძეს რუსთავის გზატკეცილზე ფატალური ავარია მოუვიდა. მას შემდეგ ბოლომდე წახდა ეს კაცი. პროკურატურას ყურებით უჭირავს დღესაც, მოსამართლე ჩხიკვაძის ბავშვობის ძმაკაცი წარმოადგენს ნიკა გვარამიას მოდავე მხარეს, რუსთავი 2-ს. აცილებაზე ჩხიკვაძემ მხრები აიჩეჩა რა მოხდაო. აბა რაღაა აცილების საფუძველი?! ალბათ ახლაც აჩქარებენ ჩხიკვაძეს საქმის დასრულებას. ალბათ ახლაც დაწერილი აქვს უკვე მსჯავრი.

მიდით ბატონო ლაშა იჩქარეთ, საცივი, ძმაკაცი და საახალწლო პრემია გელოდებათ. ოღონდ მერე არ თქვათ რომ ჩვენ ვუტეხთ სახელს სასამართლოს. დღეს მკვდარი სამართალი კიდევ ერთხელ მოკალით. ჩვენი სასამართლო თქვენნაირების ხელში უკვე გვამია, ხოლო თქვენ რიგითი გვამის შემბილწველი. პროცესის რა გითხრათ, მაგრამ ამ ბრძოლას ნიკა მაინც მოიგებს”, – წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა, რომელზეც მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოსამართლე ჩხიკვაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მისი თქმით, ერთ-ერთი მოწმე ზაზა გველესიანი, რომელიც დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს,  რუსთავი 2-ის დირექტორი და მოსამართლის ბავშვობის მეგობარია.

ნიკა გვარამიას, პროკურატურა რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share