მოსამართლეები საეჭვო დიპლომებით – რა დაადგინა “უფლებები საქართველომ”

არასრულყოფილად შევსებული დიპლომების ასლები და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ უარყოფილი დიპლომები – ეს და სხვა გარემოებები არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველომ” მოსამართლეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოავლინა.

ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე ანაიტ ოგანესიანს ერევანში დიპლომი მანამ აქვს აღებული, ვიდრე თავად უნივერსიტეტი იქნებოდა აღიარებული ქვეყანაში. სამი მოსამართლის, მაკა გველესიანის, ლევან გელოვანის და ინდირა მაშანეიშვილის დიპლომები კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უარის შემდეგ სასამართლომ დაადასტურა.

კვლევაში, რომელიც დღეს, 23 აპრილს გამოქვეყნდა, ორგანიზაცია მიუთითებს შემდეგ ძირითად მიგნებებზე:

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი დიპლომის ასლების უმრავლესობაში მითითებული არ არის სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა – აღნიშნულია მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სწავლის დასრულების პერიოდი;
  • საბჭოში არ მოიპოვება დიპლომების დანართების ასლები;
  • მოსამართლეების ნაწილს, კერძოდ, მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, არარატ ესოიანს, ნინო ბუაჩიძეს, მაია გიგაურს, ლელა ცანავას, ანაიტ ოგანესიანს, მადონა მაისურაძეს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურება/აღიარება/მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მოპოვებული აქვთ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე;
  • ლევან გელოვანის, მაკა გველესიანის და ინდირა მაშანეიშვილის განცხადებების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ისე ცენტრალურ საარქივო დონეზე ვერ მოიპოვა მოსამართლეთა მიერ უმაღლესი განათლების მიღების ფაქტების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  • თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ცენტრი უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ თავად განმცხადებლების მიერ წარდგენილ ინფორმაციას, უმეტესად, მოწმეთა ჩვენებებს, დიპლომების და დანართების ასლებს, ასევე პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
  • სასამართლომ გააუქმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უარი და დაავალა მოსამართლე მაკა გველესიანის, ლევან გელოვანის და ინდირა მაშანეიშვილის დიპლომების დადასტურება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებითვე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა მოსამართლე ანაიტ ოგანესიანის მიერ ერევნის ქ. ქრქორიანს სახელობის ეკონომიკურ- იურიდიულ უნივერსიტეტში მიღებული განათლების (კურსი დაამთავრა 1997 წელს) აღიარება და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრება. Armenic-National Information Center For Academic Recogniton And Mobility-ის მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტი სომხეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იყო 2001 წლიდან. შესაბამისად, 2001 წლამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ წარმოადგენდა სახელმწიფო ნიმუშის დიპლომს და არ იყო აღიარებული სომხეთის რესპუბლიკაში;
  • კითხვის ნიშნები არსებობს მოსამართლე დალი მეტრეველის დიპლომის მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან წარმოდგენილი და შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ის 4 წლის განმავლობაში სწავლობდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება არასწორად არის მითითებული მოსამართლე გია ბერაიას, მაკა გორგოძის, ქეთევან ჯაჭვაძის, გიორგი გრატიაშვილის, ეკატერინე გაბრიჩიძის, თეა ბერაიას და თემურ გოგოხიას დიპლომებში.

კვლევის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველომ” მოიპოვა საქართველოს საერთო სასამართლოს 299 მოსამართლის განათლების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შორისაც 21 მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო დანარჩენი 278 მოსამართლე პირველ ინსტანციასა და აპელაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share