საქართველოს საქმეს გერმანიის მარშალის ფონდი განიხილავს

23 მარტს აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდი (GMF) საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებს განხილავს. შეხვედრაზე საგანგებო მოხსენებას წარადგენენ სახელწოდებით “ზღვარზე მყოფი ქვეყანა – საქართველოს დახმარების საქმე”.

შეხვედრაზე ისაუბრებენ აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი.


აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდმა (GMF), დამოუკიდებელმა ანალიტიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელისა და  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დევიდ კრამერის ანგარიში – ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს დახმარების საქმე.

ანგარიში დიდ ყურადღებას უთმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კრიზისს. ავტორები აღნიშნავენ, რომ მოვლენების უკიდურესი სიმწვავე დასავლეთის, აშშ-სა და ევროკავშირის უფრო მტკიცე პასუხს ითხოვს.

“2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პროტესტი და პოლიტიკური მოლაპარაკებები ააშკარავებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ინდივიდებს აქვთ ხელში ჩაგდებული, კორუფციულია და რთულად თუ წარმოაჩენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს ურთიერთობებზე დასავლეთთან,  რომელთანაც ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, რომელიც ქვეყნის ერთგული მოკავშირე იყო”. – ვკითხულობთ ანგარიშის შესავალში.

ანგარიშში აღწერილია, რა გზა გაიარა საქართველომ დემოკრატიისკენ სწრაფვაში, ის ძალისხმევა რომელიც ქვეყანამ გამოიჩინა და ასევე ის წინააღმდეგობები, რომლებიც ამ გზაზე გაჩნდა. ავტორები გამოყოფენ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო დემოკრატიის შესუსტებას. ანგარიშში ასევე მოხაზულია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მიმართებით.

იან კელი და დევიდ კრამერი წარმოაჩენენ შინაგან და გარეგან ფაქტორებსაც, რომლებიც საქართველოს “მყიფე” დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, მათ შორისაა პოლიტიკური სფეროს მკაცრი კონტროლი რამდენიმე ადამიანის მიერ, კორუფცია და მედიის გაკონტროლების მცდელობები. ავტორები აღნიშნავენ, რომ 2020 წელს საქართველოს დემოკრატია სამი გამოწვევის წინაშე დადგა: საპარლამენტო არჩევნები, კორონავირუსის პანდემია და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი.

კელი და კრამერი საპარლამენტო არჩევნების პრობლემებსა და ხარვეზებზე და დამკვირვებლების კრიტიკულ შენიშვნებზეც საუბრობენ

ქართული ოცნება იმეორებდა არჩევნებზე დამკვირვებლების შეფასებების დადებით ნაწილებს, თუმცა მნიშვნელოვნად გამოტოვა აღიარებული ჯგუფების, OSCE/ODIHR-ი, საერთაშორისო გამჭვირვალობის კრიტიკა. არჩევნების კრიტიკული ანგარიშები გამოაქვეყნეს NDI-მ და IRI-მაც”

ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოში რუსეთის გავლენასა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეს:

“ქვეყანაში შეჭრიდან დაწყებული პოლიტიკურ ცხოვრებაში შეღწევით დამთავრებული, რუსეთმა მთელი არსენალი გამოიყენა, რათა საქართველო იყოს რაც შეიძლება ნაკლებ დემოკრატიული და იყოს რაც შეიძლება შორს დასავლეთისგან”.

საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას ავტორები გარკვეულწილად ქართული ოცნების პოლიტიკურ კურსს უკავშირებენ.

“რუსული გავლენა საქართველოში გაფართოვდა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ქართული ოცნების მთავრობა ღია იყო ამისთვის”. – ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორები წერენ, დასავლეთმა არ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი ყოველთვის უცვლელი იქნება, “განსაკუთრებით მაშინ, თუ საქართველოს მოქალაქეები ვერ ხედავენ ევროპიდან და აშშ-დან დიდ ინტერესსა და პროგრესს”.

“2021 წელს საქართველო გადამწყვეტ სტრატეგიულ წერტილშია – პლურალიზმისა და ერთპარტიული მმართველობის ზღვარზე და დემოკრატიულ საზოგადოებასთან ინტეგრაციისა და რუსეთთან შეგუებას შორის. უპირველეს ყოვლისა საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო აქტიური ჩართულობით შეუძლია, წონასწორობა სწორი მიმართულებით გადაწონოს და გაანეიტრალოს ის ძალები, რომლებსაც საქართველოსთვის კარგი არ სურს. მისი მხარდაჭერა ძლიერი უსაფრთხოების, ეკონომიკის და პოლიტიკური დახმარების სახით იქონიებს პოზიტიურ გავლენას და ორივე ქვეყნისთვის გამოიღებს მრავალწლიან სასარგებლო შედეგებს.”

ანგარიშის ბოლოს იან კელი და დევიდ კრამერი აშშ-სა და საქართველოს შემდგომი ურთიერთობებისთვის რეკომენდაციებს გასცემენ.

ჩვენ გთავაზობთ რეკომენდაციებს, რათა წავახალისოთ ახალი ადმინისტრაცია და ახალი კონგრესი, დაეხმაროს საქართველოს. მათგან ბევრი რეკომენდაცია უფრო ეფექტური იქნება, თუ ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით განხორციელდება.

ეს რეკომენდაციებია:

  • მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს წარმატებასთან დაკავშირებით, მათ შორის აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის გაძლიერებული ჩართულობით
  • საქართველოს წახალისება, რათა დარჩეს დემოკრატიულ, დასავლეთზე ორიენტირებულ კურსზე
  • საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის კარის ღიად დატოვება
  • კონტროლისა და ბალანსის უკეთესი მექანიზმების შემუშავებაში დახმარება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოება
  • თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაჩქარებული მუშაობა
  • თავდაცვის საკითხებში საქართველოს დახმარება
  • საქართველოზე რუსეთის მუქარის მოგერიება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share