არ დავუშვებთ რელიგიურ ნიადაგზე პროვოკაციებს- პრემიერი ბუკნარის ინცინდენტზე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გახარიას თქმით, სახელმწიფო არავის მისცემს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა ასევე არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ რელიგიური ნიადაგზე დაპირისპირებას პროვოცირება გაუწიონ. პრემიერის თქმით, შსს-ს უკვე მიღებული აქვს შესაბამისი დავალება.

“რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად”. – თქვა გახარიამ.

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს-მ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავა. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.  გუშინ, 14 დეკემბერს ჩოხატაურის მუსლიმმა მოსახლეობამ მერიასთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე დაპირისპირებული მხარეები ვერ შეთანხმდნენ. მონაწილეები ითხოვენ, რომ გაიმართოს შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share