ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება კადრები, რომელიც საკუთარი თვალით ვიხილე გუშინ ბუკნარში: მას შემდეგ, რაც მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისაკენ სირბილით წავიდნენ – სადაც ადგილობრივი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი – მე პოლიციის კორდონის უკან ვიდექი და შესაბამისად, სოფლის ცენტრისკენ სირბილით მიმავალი დემონსტრანტების თავში მოვექეცი – რაც შემეძლო მივრბოდი, თუმცა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები აშკარად ჩამორჩებოდა დემონსტრანტებისას..
უცებ სოფლის ცენტრამდე დაახლოებით 400 მეტრში – ათამდე მუსლიმმა ქალმა გამასწრო სირბილით, მათ უმრავლესობას ხელში მოხდილი თავშალი ეჭირა, სახეზე აშკარად სასოწარკვეთილები იყვნენ და ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებდნენ – ქალებო იქნებ მივასწროთ ჩვენებს და ხალხს გადავეფაროთო, ასე ამხნევებდნენ ისინი ერთმანეთს, რომ სირბილი არ შეენელებინათ…
მათ იმ წუთისათვის არ იცოდნენ, რომ პოლიციამ, კორდონის გარღვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ,სოფლის ცენტრში მართლმადიდებელთა პარალელური აქცია, ნაწილობრივ დაშალა. ნაწილობრივ, რადგან გარკვეულმა ნაწილმა თავი იქვე ცენტრში მოქმედ ეკლესიას შეაფარა… შემზარავი სურათი იყო… მივრბოდით ბუკნარის ცენტრალურ გზაზე, ჯერ დემონსტრანტები, შემდეგ ოპერატორები და ჟურნალისტები, ბოლოს კი დემორალიზებული პოლიციელები (რომლებმაც სხვათაშორის 10-15 წუთში შეძლეს ძალების კონცენტრირება და სოფლის ცენტრში მორიგი კორდონი-უკვე სოლიდური-გააკეთეს) და მუსლიმი დედები…
გზის გაღმა-გამოღმა, ეზოებში გამოფენილი ადგილობრივების ნაწილი გვწყევლიდა, ნაწილი გვლოცავდა, ნაწილი ჟურნალისტებს გვაგინებდა და უფრო მეტი ხელისუფლებას… დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ ყველაფერი ასე თუ ისე, კარგად დასრულდა და გურია “შავ კალანდას” გადაურჩა, თუმცა ამ ხელისუფლების ხელში ფაქტია, რომ “მშვიდობა” მყიფეა, მოლაპარაკებებში მონაწილეებს არცერთი მხარე არ ენდობა და სიტუაცია უაღრესად კრიტიკული, ანუ როგორიც იყო ისეთივე, რჩება. ეს დიდი თემააა და ამაზე მოგვიანებით , მაგრამ ახლა პირად ემოციაზე ვწერ: ჩემში, გუშინდელი ბუკნარის მოვლენებისას, დღის გმირები ის მუსლიმი ქალები არიან, რომლებიც სოფლის ცენტრისაკენ თავდაუზოგავად, თავგანწირულად მირბოდნენ, მირბოდნენ იმისათვის, რომ საკუთარი შვილებისა და ქმრებისაგან ადგილობრივი ქრისტიანების შვილები და ქმრები დაეცვათ… მათ განსაკუთრებით წყევლიდნენ და აგინებდნენ, მაგრამ ისინი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან იცოდნენ რას აკეთებდნენ და იმ წუთებში მორალურად ყველაზე მაღლა იდგნენ, ყველაზე, ვინც ბუკნარის გუშინდელ მოვლენებში მონაწილეობდა… მათზე აუცილებლად უნდა დამეწერა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთან ერთად იმ წუთებში ეს ვერავინ დაინახა ან ვერ შენიშნა, ვწუხვარ, რადგან ამას, ალბათ, ჩემზე ასჯერ უკეთესად აღწერდა.
ლადო მენაბდე