დავით ზურაბიშვილი – პოლიტოლოგი
ოპოზიციის გასაჭირზე წერა მაინცდამაინც არ მეხალისება და არა იმიტომ, რომ ეს თემა აქტუალური არაა. აქტუალური როგორ არ არის, მაგრამ ამ ისტერიულ გარემოში, სადაც, როგორც წესი, ნათქვამის შინაარსი კი არ აინტერესებთ, არამედ ჯერ ასკვნიან ვისკენ ხარ და მერე ამის მიხედვით ან გაგინებენ ან გეთანხმებიან, სერიოზულ მსჯელობას ყოველგვარი აზრი ეკარგება. თუმცა, გამონაკლისი აქაც არსებობს და ეს სტატუსიც უფრო იმ გამონაკლისთა გასაგონადაა.
თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის მეინსტრიმული ნაწილის მხრიდან ხელისუფლება აღიქმება როგორც აბსოლუტური ბოროტება, ანუ მათი ხედვით ეს არის არა უბრალოდ ან თუნდაც ძალიან ცუდი და არაკომპეტენტური ხელისუფლება, არამედ თავად ბოროტების განსახიერება. ამ ხედვით ბიძინას ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ქვეყნად არსებული ყველანაირი მანკიერება, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავიც, მაგალითად, იგი შეიძლება იყოს ერთდროულად არაფრისმცოდნე იდიოტიც, არც პოლიტიკის და არც ქვეყნის მართვის რომ არაფერი გაეგება და შორსგამხედვარი ვერაგიც, რომელიც მთელ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს თავის ჭკუაზე ათამაშებს. ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება აღქმულია, როგორც ბოროტების გამოვლინება და თუკი ხელისუფლება აკეთებს რაღაც დადებითს (ვთქვათ რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას აძლევს ხმას გაეროში) ეს აუცილებლად იქნება ინტერპრეტირებული, როგორც ხალხის მოტყუების და თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა.
კიდევ გავიმეორებ: ხელისუფლების ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, რადიკალურად ნეგატიური აღქმა აქვს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობას. ხოლო ის თითო-ოროლა პარტია, რომელიც ბოლომდე ვერ მიჰყვება დანარჩენებს ამ შეფასებაში, მუდმივად ეჭვმიტანილია ხელისუფლების (ანუ აბსოლუტური ბოროტების) მოკავშირეობაში.
გარდა ამისა, ხელისუფლების ამგვარი შეფასება სხვადასხვა დოზით და ვარიაციით ყოველდღე გვესმის ოპოზიციური მედიიდან, არასამთავრობო სექტორიდან და სამოქალაქო აქტივისტებიდანაც. მოკლედ, ხელისუფლება, როგორც აბსოლუტური ბოროტება, არის სრულიად ოპოზიციური საზოგადოების წამყვანი ნარატივი და დისკურსი. სხვა ენით და სხვა ლექსიკით ამ ხელისუფლებაზე ოპოზიციაში არ ლაპარაკობენ.
და რა გამოდის აქედან? ის, რომ თუ ეს ასეა, ანუ თუ ხელისუფლება აბსოლუტური ბოროტებაა, მაშინ ყველანაირი თანამშრომლობა ამ ხელისუფლებასთან არის ამ ბოროტების ლეგიტიმურობის აღიარება და მისი ხელშეწყობა, რადგან აბსოლუტურ ბოროტებისგან შეუძლებელია რამე სასიკეთო მიიღო შეთანხმებით და კომპრომისებით. კომპრომისები აბსოლუტურ ბოროტებას მხოლოდ აძლიერებს. მისი დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ უკომპრომისო და თავგანწირული ბრძოლით.
აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში, მისი მონაწილეობა ხელისუფლებასთან ერთად რაღაც ფორმატებში და სამუშაო ჯგუფებში, სრულიად ბუნებრივად აღიქმება, როგორც ბოროტების ლეგიტიმაცია და მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების მიმართ დატოვონ პარლამენტი, ასევე სრულიად ლოგიკურია. ასეთი აღქმიდან გამომდინარე ასევე აზრი ეკარგება არჩევნებს. აბსოლუტური ბოროტება არჩევნებით ხომ არ დათმობს ძალაუფლებას? შესაბამისად ერთადერთი გზა არის რევოლუცია, კერძოდ მასების მობილიზება, ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა, სახელისუფლო ვერტიკალების ჩამოშლა და ხელისუფლების წელში გადატეხვა.
ამ კონტექსტში საყვედურები ოპოზიციის მიმართ, რომ ის სუსტია და ვერაფერს აკეთებს, გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს საკმარისად დიდი მასის დარწმუნებას ხელისუფლების აბსოლუტურ ბოროტებაში და იმის აუცილებლობაში, რომ მთელი ერი უნდა აღსდგეს ამ ბოროტების წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ვთქვა, ოპოზიციას საყვედურობენ, რატომ ვერ ამხობ ამ ხელისუფლებასო და სწორედ აქ მივადგებით გადაუჭრელ დილემას. საქმე ის გახლავთ, რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა არ უნდა და არა უბრალოდ არ უნდა, ამას უკიდურესად არასასურველადაც კი მიიჩნევს. ოპოზიციის ხედვიდან კი სხვა გზა არ ჩანს. შესაბამისად ჩნდება გადაულახავი წინააღმდეგობა სასურველსა და რეალურს შორის, რისი შედეგიცაა ნიჰილიზმი, უიმედობა და “ხალხი არ ვარგა.”
ჰოდა, ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როცა ხედავთ რომ ეს გზა და შესაბამისად ეს ხედვაც ჩიხშია შესული (თუ ვერ ხედავთ, კიდევ უარესი), იქნებ იმაზე გეფიქრათ ვინმეს, რომ აბსოლუტურ ბოროტებასთან კი არა, ბანალურად ცუდ, ავტორიტარულ და პოსტასაბჭოური ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე?