„ვერ წარმომიდგენია იცოდე რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში და მაინც მასთან ერთად ყოფნა გინდოდეს“ – გურიის სახალხო დამცველი

„ოჯახური ძალადობის მიზეზი ჩვენი სტერეოტიპული შეხედულებებია“ – სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურიაში

თამარ ოგანოვა – გურიის სახალხო დამცველი -ქალი რომელიც უსმენს როკს, მარტოვდება სურებში და ოცნებობს გურულთა გაღიმებულ სახეებზე

„ხშირად მოგვმართავენ შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დარღვევებზე. მაგალითად შშმ პირები მოგვმართავენ რომ ისინი ხშირად ხვდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ბავშვთა უფლებები ხშირად ირღვევა სკოლებში ბულინგისა და ოჯახური ძალადობის დროს. ასევე ხშირად მოგვმართავენ ეკომიგრანტები მათი უფლებების დარღვევაზე. ამ შემთხვევაში ეკომიგრანტები მიიჩნევენ რომ სახელმწიფო მოხელეები არ უწყობენ ხელს მათ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, სოციალურ პროგრამების ჩართვაში. ძირითადად ასეთი საქმეები სოციალური შემწეობების შეწყვეტასა და განსახლების პროგრამებში არ ჩართვას ეხება…“

 

„2002 წელს, სხვადასხვა პრობლემებისაგან დამძიმებული ჩემი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, 5 წლის განმავლობაში, როგორც სკოლაში, ასევე მოსკოვის ქუჩებში ვიყავით ანტიქართული პროპაგანდის ქვეშ, იქნებოდა ეს ბულინგი თუ პირდაპირი დევნა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირდაპირ ნადირობა იყო “Лицо кавказской национальности” … ძირითადად ამას ე.წ. „Скинхеды“ ები აკეთებდნენ… თუმცა სახელისუფლებო სტრუქტურების სრული მხარდაჭერით… 2007 წელს დაგვაკავეს როგორც ქართველები, მთელი ოჯახი და დედაჩემი, მე და ჩემი ძმა მოგვათავსეს მოსკოვის ერთ ერთ იზოლატორში, თავისთავად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, 6 თვე ფაქტიურად გვაწამებდნენ იქ, შემდეგ კი სხვა ათასობით ქართველთან ერთად მოხდა ჩვენი დეპორტაცია საქართველოში…“

“გურიის მოამბეს” სტუმარია სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურიის რეგიონში – თამარ ოგანოვა

დავიბადე 1991 წელს, თბილისში, საჯარო სკოლა კი ბათუმში დავამთავრე.

2017 წლიდან დავიწყე მუშაობა სახალხო დამცველის აპარატში, თავიდან ვმუშაობდი გენდერული კუთხით, გაეროს პროექტის ფარგლებში, 2019 წლიდან დავინიშნე სახალხო დამცველის წარმომადგენლად.

დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში“  ბავშვთა დაცვის კუთხით, მოგვიანებით კი ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალში“,ეკომიგრანტების კუთხით.

2012-13 წლებში  „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში“ რომელსაც მაშინ მომავალი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ ორგანიზაციის ეგიდით აკვირდებოდა არჩევნებს.

2013 წელს დაოჯახდა, რამაც მისი ბედი დღემდე დააკავშირა გურიასთან, ყავს ორი შვილი, 8 წლის დავითი და 7 წლის მართა.

 

„როგორც გითხარით თავიდან სახალხო დამცველის გურიის წარმომადგენლობაში მუშაობა დავიწყე გენდერული კუთხით, სხვათაშორის მომართვიანობა ქალთა მხრიდან სხვადასხვა თემებზე, ისევე როგორც ოჯახურ ძალადობაზე იყო ძალიან ხშირი.ნუ ძირითადად დავები ოჯახში არის ბავშვთა ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე და სასამართლომდე საქმეები მიდიოდა ქონებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გურიაში ქალთა მდგომარეობის – ვიტყოდი რომ სახარბიელო არ არის, ქალებმა მინიმუმ არ იციან ვის მიმართონ ამათუიმ პრობლემის დროს, როცა ძალადობის მსხვერპლი ხდება ქალი თუ მას დამოუკიდებელი შემოსავალი არა აქვს ან ეკონომიკურად ძლიერად არ არის, ყოველთვის ფიქრობს თუ რანაირად გაუმკლავდება ამ პრობლემებს რომელიც მას მარტო დარჩენისას წარმოეშვება. ვფიქრობ რომ ოჯახური ძალადობის ძირითადი მიზეზი ჩვენი სტერეოტიპული შეხედულებებით აღზრდაა, რას გვასწავლიან ჩვენ როგორი უნდა იყოს ქალი. ბავშვობიდან გვესმის რომ ეს კაცის საქმე არ არის, ეს ქალის საქმე არ არის, როცა ასეთი სტერეოტიპებით იზრდები , როცა გეუბნებიან რომ არის რაღაცეები რაც ოჯახის საქმეა და გარეთ არ უნდა გაიტანო, სირცხვილია და ასე შემდეგ.. აქედან მოდის რომ როცა ქალზე ძალადობენ ის პოლიციაში არ რეკავს და ამ თემაზე არ საუბრობს, ყველა ჩვენგანს გვქონია შემთხვევა როცა მეზობლებში ანაც ნაცნობებში ადგილი აქვს ოჯახურ ძალადობას, მაგრამ მივიჩნევთ რომ ეს ჩვენი საქმე არ არის და ეს ჩვენ არ გვეხება და ასეთ საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ.

ჩვენ ამ დროს არაფერს განსაკუთრებულს ჩვენი აზრით, არ ვაკეთებთ, ჩვენ ასე გაგვზარდეს, ჩვენ ასეთ სოციუმში გავიზარდეთ. ვერ ვიტყვი რომ იგივე მდგომარეობაა რაც 10 წლის წინ იყო, მაგრამ როცა ვსაუბრობთ სტერეოტიპებზე, მდგომარეობა მინიმალურად არის გაუმჯობესებული და რა თქმა უნდა ეს არასაკმარისია.

 

  • რამდენად მზად არის საზოგადოება რომ ეს სტერეოტიპები, რომელიც ფაქტიურად ხელფეხს უხსნის ძალადობას და დაუცველს ხდის საზოგადოების სუსტ ნაწილს, დავამსხვრიოთ, მაგალითად ჩვენი განათლების სისტემა, სკოლა რამდენად უწყობს ხელს ამას?როგორ გავარღვიოთ ეს ჯაჭვი?

 

ყველაზე დიდი წნეხი ძალადობის მსხვერპლზე, როცა ის ქალია, მოდის სწორედ ახლობლებისაგან, ნათესავებისაგან, ოჯახის წევრებისაგან, არის შემთხვევები როცა ასეთებს საკუთარ ოჯახებშიც კი არ იღებენ. რაც შეეხება განათლების სისტემას, ჩემი აზრით ყველაფრის თავი და თავი, არა მარტო ოჯახური ძალადობის, არის სწორედ ეს სისტემა. რამდენიც არ უნდა ვასწავლო ჩემს შვილებს სახლში და ვესაუბრო თანასწორობის იდეაზე, მხოლოდ ეს არ კმარა. ბაღში და სკოლაში როცა მიდის და იქ ეუბნებიან რომ გოგოებმა უნდა დაალაგონ, ბიჭებმა კი ეს უნდა გააკეთონ , კონკრეტულად ეს ქალების საქმეა ეს კი კაცების.. აქედან იწყება.. არ მინდა კონკრეტული ფაქტები მოვიყვანო, მაგრამ ჩემი აზრით განათლების სისტემაში ისევე როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში რბილად რომ ვთქვათ, ეს სტერეოტიპული მიდგომები მეფობს.

 

  • როგორც ვხვდები გინდათ თქვათ რომ ამ ყველაფრის ავანგარდში  უნდა იყვნენ პედაგოგები და ჩვენი პედაგოგთა მინიმუმ 80% სტერეოტიპების ქვეშაა
  • სამწუხაროდ, ვერ გეტყვით რა რეცეპტი შესაძლოა იყოს სასარგებლო, ინფორმირებულობა უკვე მოძველებულადაც კი ჟღერს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დავუდგეთ იმ ქალბატონებსა და ბავშვებს გვერდით, რომლებიც ძალადობის ქვეშ იმყოფებიან, ვიტყოდი მაქსიმუმს. ქალები რომლებიც ჩვენამდე მოდიან, ვფიქრობ რომ, ასეთ პირობებში მათი საქციელი გმირობის ტოლფასია.

რაც შეეხება ჩემი უკვე წარმომადგენლობის ხელმძღვანელობის პერიოდს, ძალიან ცუდი დრო დაგვემთხვა, სამი წელი პანდემიის პირობებში, რამაც არ მოგვცა შესაძლებლობა სატელეფონო კომუნიკაციებს გავცდენოდით, რაც ძირითადად კონსულტაციებით შემოიფარგლებოდა.

 

სახალხო დამცველის ოფისს უფრო ხშირად მოგვმართავენ შშმ პირთა და ბავშვთა უფლებების დარღვევებზე. მაგალითად შშმ პირები მოგვმართავენ რომ ისინი ხშირად ხვდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ბავშვთა უფლებები ხშირად ირღვევა სკოლებში ბულინგისა და ოჯახური ძალადობის დროს. ასევე ხშირად მოგვმართავენ ეკომიგრანტები მათი უფლებების დარღვევაზე. ამ შემთხვევაში ეკომიგრანტები მიიჩნევენ რომ სახელმწიფო მოხელეები არ უწყობენ ხელს მათ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, სოციალურ პროგრამების ჩართვაში. ძირითადად ასეთი საქმეები სოციალური შემწეობების შეწყვეტასა და განსახლების პროგრამებში არ ჩართვას ეხება.

თამარი ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში, იმისათვის რომ მას საკუთარ საქმიანობასი ხელი არ შეშლოდა, ოზურგეთში თბილისადან თამარის დედა ჩმოვიდა და ის რამდენიმე წელია შვილთან ერთად ცხოვრობს და თამარს შვილების აღზრდაში ეხმარება.

 

-მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა ხშირად გხედავთ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებზე, მაგალითად იგივე რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე?

 

ჩემი სურვილია, რომ ჩემი ქვეყანა იყოს პროდასავლური, მე მინდა ევროპულ საქართველოში ვიცხოვრო და ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა რუსული პროპაგანდა, 5 წელი ოჯახთან ერთად ვცხოვრობდით მოსკოვში, 2002 წელს, სხვადასხვა პრობლემებისაგან დამძიმებული ჩემი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, 5 წლის განმავლობაში, როგორც სკოლაში, ასევე მოსკოვის ქუჩებში ვიყავით ანტიქართული პროპაგანდის ქვეშ, იქნებოდა ეს ბულინგი თუ პირდაპირი დევნა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირდაპირ ნადირობა იყო “Лицо кавказской национальности” … ძირითადად ამას ე.წ. „Скинхеды“ ები აკეთებდნენ… თუმცა სახელისუფლებო სტრუქტურების სრული მხარდაჭერით… 2007 წელს დაგვაკავენ როგორც ქართველები, მთელი ოჯახი და დედაჩემი, მე და ჩემი ძმა მოგვათავსეს მოსკოვის ერთ ერთ იზოლატორში, თავისთავად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, 6 თვე ფაქტიურად გვაწამებდნენ იქ, შემდეგ კი სხვა ათასობით ქართველთან ერთად მოხდა ჩვენი დეპორტაცია საქართველოში, მოგეხსენებათ ამაზე, ეს ცნობილი ფაქტებია, უმრავლესობა სატვირთო თვითმფრინავებით პირდაპირ ჩამოყარეს საქართველოში… რუსეთში სააკაშვილის გამო გვდევნიდნენ, მასთან არანაირი შეხება არ გვქონდა თავისთავად, მაგრამ ამ გზით ისინი შურს იძიებდნენ იმისათვის რაც საქართველოში ხდებოდა… თუ სლავური გარეგნობა არ გქონდა, სახლიდან გასულს არანაირი გარანტი უკან ცოცხლად დაბრუნების არ არსებობდა… თითქმის ყოველდღე კლავდნენ ამ ნიშნით ვინმეს…

ვერ წარმომიდგენია, იცოდე თუ რა გაუკეთა რუსეთმა შენს ქვეყანას, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში და თუნდაც რა სიტუაციაა თავად რუსეთში და… ყველაფერ ამის ფონზე გინდოდეს ასეთ სახელმწიფოსთან მეგობრობა ან მასთან ერთად ყოფნა… ეს ცოტა არ იყოს საღ აზრს ეწინააღმდეგება, მაპატიეთ ასეთი შეფასებისთვის, ამიტომ ვფიქრობ რომ თუ არიან ასეთი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში და ფაქტია რომ არიან, ისინი დეზინფორმაციის, ანუ რუსული პროპაგანდის მსხვრპლნი არიან.

სწორედ ამიტომ მივიღე აქტიური მონაწილეობა ოზურგეთში ორგანიზაციის „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის“ დაფუძნებაში.მიუხედავად იმისა, რომ გურიასთან ჩემს აქ ჩამოსვლამდე არანაირი კავშირი არ მქონია აქედან წასვლას არ ვაპირებ. იცით გურიაში რა მომწონს ყველაზე მეტად? აქ უამრავი მეგობარი და თანამოაზრე ვიპოვე, სწორედ ეს არის ერთ ერთი და ძირითადი ჩემი ოზურგეთში დამაკავებელი ფაქტორი – სწორედ ეს მოძრაობაა, მე ძალიან მიყვარს ყველა მათგანი და მეამაყება მათთან ერთად ბრძოლა.

ყველაზე გამორჩეული ჩემთვის ბოლო წლებში რა არის? რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა…

თავისუფალი დრო იშვიათად, მაგრამ მაქვს. ძირითადად, ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ ან ბუნებაში გავდივარ, ნებისმიერ სოფელში, სადაც განმარტოება შეიძლება. ძირითადად მეგობართან მივდივარ სურებში, იქ განმარტოება შესაძლებელია, განსაკუთრებით მიყვარს ასეთი ადგილები.

მადარდებს მძიმე განწყობაა საზოგადოებაში, მენატრება გაღიმებული სახე ქუჩაში.

ცნობისათვის:  საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ეტაპობრივმა გაუარესებამ 2006 წლის შემოდგომაზე პიკს მიაღწია. 2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს. 3 ოქტომბერს კი რუსეთმა საქართველოსთან ყოველგვარი საჰაერო, საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო, საფოსტო და ფინანსური კავშირები გაწყვიტა.

სწორედ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთმა, საიმიგრაციო კანონების დარღვევის საბაბით, საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია მოახდინა, რაც საფუძლად დაედო სტრასბურგის სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” პირველ სახელმწიფოთაშორის დავას. მომჩივანი ქართული მხარე ამბობდა, რომ ანტიქართული პოლიტიკის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ჩათვლით, რუსეთში 4 634 გაძევების ორდერი გამოიცა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა შორის 2 380 დააკავეს და ძალის გამოყენებით გამოაძევეს, დანარჩენმა 2 254-მა კი ქვეყანა საკუთარი საშუალებებით დატოვა.

დეპორტაცია დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში

დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აღწერილია ის პროცედურები, რომლის გავლაც საქართველოს მოქალაქეებს მოუხდათ. მათი პირადობების შემოწმება ხორციელდებოდა ქუჩებში, მარკეტებში და სხვა სამუშაო ადგილებში, მათ სახლებში. შემდგომ მათ აკავებდნენ და გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში. ქართველი მოწმეები საუბრობდნენ გადატვირთულობაზე, აუტანელ და არაადამიანურ დაკავების პირობებზე, ჰიგიენის პირობების არარსებობაზე. საკნები, რომლებსაც “მაიმუნების გალიას” ეძახდნენ, იყო პატარა და გადატვირთული. ქალები და კაცები ხშირად ერთად იყვნენ დაპატიმრებული და  დაჯდომის საშუალება არ ჰქონდათ.

პოლიციის განყოფილებების დაკავების იზოლატორში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთად აჯგუფებდნენ და ავტობუსით მიჰყავდათ სასამართლოებში, რომელიც რამდენიმეწუთიანი სამართალწარმოების შედეგად, ზოგჯერ სასამართლო დარბაზში დაშვების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს აკისრებდა ადმინისტრაციულ სასჯელებს და ადგენდა მათ გაძევებას რუსეთის ტერიტორიიდან. ზოგჯერ სამედიცინო ვიზიტისა და სისხლის ტესტის გავლის შემდეგ, ისინი გადაჰყავდათ უცხოელთა დაკავების ცენტრებში. მოწმეების თქმით, ამ ცენტრებშიც საკნები გადატვირთული იყო რკინის საწოლებით, ძალიან თხელი მატრასითა და საბნის გარეშე, რომელზეც დაკავებულებს მორიგეობით ეძინათ. განცალკევებული ტუალეტის ნაცვლად, საკანში კალათა ჰქონდათ. ხელი არ მიუწვდებოდათ სასმელ წყალზე და საჭმელზე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ დაკავებულები ავტობუსით მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებში გადაჰყავდათ და საქართველოში აძევებდნენ. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების პირველმა გაძევებულმა ნაკადმა 2006 წლის 6 ოქტომბერს სატვირთო თვითმფრინავით იმგზავრა. ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოყენებოდა როგორც ტუალეტი და ტრიალებდა რიგებს შორის.

მოწმეების თქმით, კითხვაზე, თუ რატომ აძევებდნენ, რუსი სამართალდამცველები პასუხობდნენ, რომ ეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ეკითხათ.

სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვისას მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშიც, რომელიც მიუთითებდა “სელექციურ და გამიზნული დევნის კამპანიაზე, ეთნიკურ საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციას”. PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა მიუთითა იმ მოწმეებზე, რომლებიც საუბრობდნენ გადატვირთულობაზე, აუტანელ და არაადამიანურ პატიმრობის პირობებზე. მათ არა მარტო სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჩამოართვეს, არამედ, ნებისმიერი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაც. ამ გარემოებების შედეგად გარდაიცვალა 48 წლის საქართველოს მოქალაქე თენგიზ ტოგონიძე. იგი ასთმით იყო დაავადებული და ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო დახმარების და სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა არ ჰქონია. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 52 წლის მანანა ჯაბელია 2006 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვის დაკავების №2 დაწესებულებაში, ორთვიანი არაადეკვატური სამედიცინო დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე უარის შედეგად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share