იაკობ გოგებაშვილი ასე ახასიათებდა გურულებს: “გურული მეტად ჩქარია ლაპარაკში, მოძრაობაში, საქმეში, უყვარს პირდაპირობა და სძულს პირმოთნეობა. სწრაფად მოსდის გული, თოფის წამალივით იცის აფეთქება; მაგრამ ჩქარა ისევ მშვიდდება. სიმარჯვით და გულადობით გურულები განთქმულნი არიან. განათლებასაც გატაცებით მისდევენ.” გრიგოლ რობაქიძე კი ამბობს: “ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავისი თავის ღირსებისა. არისტოკრატობა_ “რჩეულობა” გურულთა რასის მთავარი ნაკადია. ამ მხრივ თავად-აზნაურობასა და გლეხობას შორის თითქმის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ყოველ გურულს უყვარს თავის გამოჩენა… ამაყობა და გამორჩეულობა. გურულს გარეგნობაც რჩეული უყვარს. ძვირად თუ ვინმე სხვა ქართველი ისე ლამაზად ჩაცმული გამოვა, როგორც გურული. ცნობილია გურულის სიღარიბე, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ვერც ერთ კუთხეში ვერ მონახავთ გურული “ოდის” თანა კოხტაობას, კეკლუცად მორთული ეზოთი…