ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების საქმეში დარღვევა დაადგინა, მთავრობას €16 000-მდე დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმე – ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დასაშვებად ცნო და ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას. განმცხადებლები მთავრობას კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევასაც ედავებოდნენ, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე შინაარსობრივად მე-8 მუხლს ეხებოდა, შესაბამისად, მე-3 და მე-14 მუხლების განხილვის საჭიროება არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს მე-8 მუხლის შემდეგ შემოკლებულ ამონარიდებს:

“1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი… ცხოვრება… 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში… საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად… სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად”.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა.

განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share