„ოცნება“ სააკაშვილს მხოლოდ მაშინ გაუშვებს, თუ მისი დაღუპვის საფრთხე ნამდვილად გაჩნდა“ – რას აპირებს ენმ, თუ ხვალინდელ პროცესზე არასასურველი შედეგი დადგა?

რას აპირებს „ნაციოანლური მოძრაობა“ თუკი 22 დეკემბერს მოსამართლე გიორგი არევაძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას არ მიიღებს?  როგორც ცნობილია, ჯერჯერობით გუნდში სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება არ მომხდარა და პარტიაში ჯერ კიდევ ზუსტად არ იციან, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ნიკა მელია წინადადებით გამოდის, რომ თუ სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ პარტიამ პარლამენტი დატოვოს. თუმცა ამაზე ენმ-ში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მეორეს მხრივ კი ლევან ხაბეიშვილის მომხრეები პარლამენტში შიმშილობას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აგრძელებენ. უცნობია, გეგმავს თუ არა პარტია მასობრივი აქციების გამართვას. 

ამის პარალელურად კი მისი ჯანმრთელობის  შესახებ ორივე მხრიდან სპეკულაციები გრძელდება. სააკაშვილის ადვოკატები და გარემოცვა ამტკიცებს, რომ ის მოწამლულია. ხოლო ხელისუფლება ამბობს, რომ ეს სიცრუეა და პარტია სააკაშვილის ჯანმრთელობას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს. ენმ-ში კი ამბობენ, რომ თუკი პროცესზე სააკაშვილს ონლაინ რეჟიმში ჩართავენ, ყველა ნახავს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისივე თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, მათ შორის მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა.

„ნაციოანლური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე კი აცხადებს, რომ ჩართავენ თუ არა ხუთშაბათს  მიხეილ სააკაშვილს პროცესზე, მისი მოლოდინი ხელისუფლებასთან მიმართებით ლოგიკას არ ექვემდებარება.

„არ ვიცი, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ შეფი ბიძინა ივანიშვილი, მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჩართოს ონლაინ და ანახოს საზოგადოებას. ამაზე პასუხი „ქართულ ოცნებაშიც“ არ ექნებათ, იმიტომ, რომ ეს გადაწყდება დილით, როგორ გუნებაზეც გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. თუ ჩართავენ, საზოგადოება ნახავს ტკივილებისგან დატანჯულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უძლურებაში მყოფს, რომლის მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული და რომელიც იმსახურებს მიეცეს სიცოცხლის შესაძლებლობა. ეს იქნება ის სურათი, რასაც ნახავს ყველა ერთად თუ შეეძლება მიხეილ სააკაშვილს მიმართოს საზოგადოებას. მას არ აქვს ის მდგომარეობა, რომ ეს პროცესები გაიწელოს დროში. წარმოუდგენელია ამ პროცესების გადადება. ადამიანი ძალიან ცუდადაა, უბრალოდ ვერ გაუძლებს. თუ სიცოცხლის უფლებას უტოვებენ, სასამართლო მოკლე დროში უნდა ჩატარდეს,“ – განაცხადა ხერხეულიძემ.

თქმით, ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასება და დოკუმენტაციაა არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„საზოგადოებამ მისი ნებისა და კანონის საწინააღმდეგოდ ვიზუალურად ნახა, როგორ გამოიყურება პრეზიდენტი სააკაშვილი, ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია მის ჯანმრთელობაზე, ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად გაანალიზა და აღიქვა, რომ არის მხოლოდ „რუსული ოცნების“ ბოროტება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგადაა. პოლიტიკოსები, „რუსული ოცნების“ სპიკერები საქართველოში ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კარგადაა, პროფესიონალები ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას პრობლემა აქვს და მათ შორის დადასტურებულია მოწამვლის ფაქტი. შესაბამისად, ყველა დოკუმენტაცია არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა. ვოლსკისა და მდინარაძის განცხადებები არ ნიშნავს პროფესიონალების გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შეუძლებელია ენდო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

მმართველი გუნდის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე კი ეჭვობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ, და მიდი დიდი კამპანია, რომ ის სასჯელს დაუძვრეს.

„სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება, ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები და ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობას დაუძვრეს და სასჯელი არ მოიხადოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. ფიქრობს, რომ 22 დეკემბრის სასამართლოზე რაიმე გადაწყვეეტილება მიღეებული არ იქნება. ვარაუდობს, რომ პროცესი იქამდე გაიწელება, სანამ ხელისუფლება რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„ოცნება“ სააკაშვილს გაათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფიზიკურად განადგურების საფრთხე ნამდვილად გაჩნდა. ჯერ ეს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ თუ სააკაშვილს გაუშვებენ, ეს მმართველ გუნდს პოლიტიკურად დააზიანებს. მიუხედავად დასავლეთიდან ბოლო დროს დაწყებული აქტიურობისა, ის ჯერ რეალურ პრობლემას ვერ ხედავს. დიდი ალბათობით სააკაშვილს ამ ფორმაში ჯერ  შეინარჩუნებენ ან შეეცდებიან რაღაც სხვაში გაცვალონ, თუმცა  რაში, არ ვიცი.

ხელისუფლება ორი მიმართულებით მუშაობას: ამზადებს საზოგადოებას იმისთვის, რომ სააკაშვილი ცუდად არის, ხვალ რომ დასჭირდეს სასწრაფოდ მისი ექსტრადირება, ამას დაეყრდნობიან. იტყვიან, როცა გახდა აუცილებელი და გადავიყვანეთო. მეორე ის, რომ მას ჰყავდეს სააკაშვილი და ათამაშოს არჩევნებამდე. ჯერჯერობით ხელისუფლება ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ სააკაშვილი გაცვალოს. ამიტომ სასამართლო პროცესებს გაწელავს და ეს როგორც კოზირი ხელში, ისე ექნება. თუ დასჭირდება, მას გამოიყენებს. მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. ის ციხეში იქნება თუ ევროპის რომელიმე ქალაქში, მნიშვნელობა აღარ აქვს. ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, იმ დოზით ვერაფერს ვეღარ შეძლებს, რასაც აქამდე ფიქრობდა ბევრი, რომ იზამდა“, – განაცხადა ძაბირაძემ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share