საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის გავრცელებაზე საუბრობს.
სახალხო დამცველს ციხეში მომხდარი რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.
„მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ „კოვიდ-19“-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.
2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.
რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.
სახალხო დამცველს ასევე მოჰყავს მაგალითი, თუ რისთვის იყენებენ „გავლენიანი“ პატიმრები მსგავსი სუბკულტურის გავრცელებას ციხეებში.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ისინი ავლენენ პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს და მიმართავენ საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზნით, შემდეგ კი ახდენენ საქმისა და პატიმრის უსაფრთხოების მონიტორინგს; ეხმარებიან პატიმრებს თვეობით და წლობით გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებების მიღებაში; საუბრობენ დეესკალაციის ოთახებში კვირების განმავლობაში მოთავსების უკანონო და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; საუბრობენ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ხარვეზებზე, კომისიის გადაწყვეტილებების არათანამიდმევრულობასა და დაუსაბუთებლობაზე, პატიმრების საზიანოდ გამოთვლილ ვადებზე; ეხმარებიან პატიმრებს ხმა მიაწვდინონ შესაბამის უწყებებს, ავლენენ შემთხვევებს, როდესაც დაწესებულება „კარგავს“ გასაგზავნ წერილებს, ეხმარებიან პატიმრებს დაიბრუნონ უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ნივთები; ავლენენ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას უკანონო ფაქტებს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში მყოფი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის პირები, რომელთაც, მაგალითად, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სასტიკი მოპყრობის შიში აქვთ, გარესამყაროს მხოლოდ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ვიზიტის მეშვეობით უკავშირდებიან.