ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, უკრაინაში წავიდოდა – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დედა და მისი შვილის მკვლელების დაუსჯელობაზე საუბრობს. რუსუდან ტატუნაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა 5 წლის წინანდელი ტრაგედია და სამშობლოსთვის, გმირულად დაღუპული შვილი, რომელიც მტრის მოთხოვნებს არ დათანხმდა და წამებით მოკლეს:
“ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო. სამშობლოსათვის დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. მკვლელებიც დაუსჯელები არიან, ვერ მოვესწარით მაგას, ვერც ჩემი მეუღლე მოესწრო და ვერც მე მოვესწრები რომ ამის მკვლელები დაისაჯონ.
დააწინაურეს ის მკვლელი გურწიევი ვინც იყო.
უნდა ეღიარებინა, რომ ვითომ შესულიყო რომ მოეწყო ტერორისტული აქტი და ჩაეშალა პუტინის არჩევნები. უნდა ეღიარებინა ეგ კამერების წინ, მაგრამ რომ არ ითანამშრომლა იმათთან და არ გაურიგდა მეტრს იმიტომ აწამეს.” ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი.
რუსი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან დღეს 5 წელი გავიდა.
ყოფილი სამხედრო რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს. მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 23 თებერვალს გასაჯაროვდა.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან – მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.