ამერიკელი ფინანსისტისა და მაგნისტკის სიის ავტორის, ბილ ბროუდერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, დასავლური ქვეყნები ქართველ მაღალჩინოსნებს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ამის შესახებ მან გამოცემა SOVA-სთან ინტერვიუსას განაცხადა.
ბილ ბროუდერის თქმით, სანქციების პირველი ტალღა დაბალი და საშუალო ეშელონის მაღალჩინოსნებს შეეხებათ, სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში კი, მკაცრი სანქციები დაუწესდებათ ქვეყნის პირველ პირებსაც.
ის ამბობს, რომ სპეციალური სიის შესადგენად მტკიცებულება აუცილებელი პირობაა და რომ ელოდება მათ მიწოდებას.
“არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, სანამ მტკიცებულებები არ მექნება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მივიღებთ. სანქციების პირველი ტალღა გავლენას მოახდენს საშუალო ან ქვედა ეშელონზე. თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, მაშინ ეს სანქციები დაუწესდებათ მაღალი რანგის, ტოპ თანამდებობების პირებსაც. ვფიქრობ, დასავლეთი ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება”, – თქვა ბილ ბროუდერმა.
ინტერვიუში ბილ ბროუდერი მარია ზახაროვას მიერ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო და თქვა, რომ ზახაროვამ ფაქტობრივად დაადასტურა მისი პოზიცია, რომ სააკაშვილის საქმის უკან რუსეთის ხელისუფლების ინტერესები დგას.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმავეს აკეთებს, რაც 2008 წელს სააკაშვილმა გააკეთა და მარია ზახაროვა მასაც ემუქრება.
“პუტინი შურს არამხოლოდ მისი მტრების წინააღმდეგ იძიებს, არამედ სხვებსაც აჩვენებს, თუ რა ემუქრებათ იმ შემთხვევაში თუ მის წინააღმდეგ წავლენ. ზელენსკი იგივეს აკეთებს, რაც სააკაშვილმა ქნა. რუსეთი თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს და სააკაშვილმა იბრძოლა მის წინააღმდეგ. რუსეთმა ორი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. იგივე ხდება ზელენსკის თავს 2022 წელს“, – თქვა ბროუდერმა.
ბროუდერი იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილი პატიმრობას გადაურჩება და საქართველოს ხელისუფლება ამ გამოცდას გაივლის.