დარეგისტრირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და განაცხადეს, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნედ პრაისის შეფასებით, ეს კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელსაც ბოლო ათწლეულებია, ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს. მან აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება ანალოგიურ, რუსულ და უნგრულ კანონებს და არა – ამერიკულს. შეუშლის თუ არა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის კანონად ქცევა საქართველოს ევროინტეგრაციას, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ”კვირის პალიტრა” ესაუბრა:
”როდესაც ოპოზიცია სუსტია, მმართველი გუნდი ცდილობს, ისარგებლოს მოცემული სიტუაციით და მთლიანად აიღოს ხელში ქვეყნის კონტროლი. „ქართული ოცნება“ ახლა სწორედ კონტროლის გამყარებას ცდილობს, რისთვისაც სათანადოდ იყენებს საკუთარ დანამატს – „ხალხის ძალას“. ახლოვდება არჩევნები და იწყება შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებზე და ა.შ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ დასაწყისია. ე.ი აკრძალვით კი არა, დისკრედიტაციით იწყებენ, არასასურველ სუბიექტებს აგენტებს არქმევენ. რაც შეეხება, დიმიტრი ხუნდაძის და ირაკლი კობახიძის თავის მართლებას, რომ თითქოს კანონპროექტი ამერიკული მოდელის ანალოგია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი კანონი ამერიკაში შემოიღეს 30-იან წლებში ანუ თითქმის ერთი საუკუნის წინ. კანონი მუშაობს დროისა და სივრცის შესაბამისად. არასწორია დღეს დანერგო საკუთარ ქვეყანაში ის კანონი, რომელიც ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოში ერთი საუკუნის წინ მუშაობდა. როდესაც ვამბობთ, რომ კანონი რუსულია, დოკუმენტის შინაარსს კი არ ვგულისხმობთ, ის პროცესები გვაქვს მხედველობაში, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვა რუსეთში. რა მოხდა რუსეთში?! შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ოპოზიციური მედია მთლიანად განიდევნა და ა.შ. „ქართული ოცნება“ კანონს ჯერ მიიღებს და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყებს შესწორებების შეტანას.
არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ რამე შენიშვნას გაითვალისწინებს. კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა პიარისთვის გამიზნული ნაბიჯია. 27-მა ევროპულმა ქვეყანამ უკვე გამოხატა საკუთარი პოზიცია, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზეც და ამ კანონზეც, მაგრამ ამას არ ითვალისწინებს “ქართული ოცნება”. ნახეთ, რას აკეთებს? ცდილობს, ევროკავშირს გადააბრალოს, თავად რომ ვერ ან არ ცდილობს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას.
ჯერჯერობით ისევ შეეცდებიან „ქართული ოცნებაზე“ გავლენის მოხდენას და ამ პოლიტიკური ჯგუფის ანტიდასავლური ხუშტურების როგორმე განეიტრალებას. მგონია, რომ წლის ბოლომდე მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება უკრაინაში ამ ერთი წლის განმავლობაში.
კვირის პალიტრა