რა თქვა ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე?- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადებას ავრცელებს

არასათავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, დეოლიგაქრქიზაციის კანონთან დაკავშირბით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, ვენეციის კომისიას არ უთქვამს მმართველი გუნდისთვის, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს ოლიგაქრქიის შესახებ კანონი, რათა მას ებრძოლოს.

„ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დეოლიგარქიზაციის მიზანს არა ერთი სპეციალური კანონით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ფუნდამენტური სექტორული რეფორმების გატარების გზით უნდა მიაღწიოს…

ვენეციის კომისიის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციებით საქართველოსთან მიმართებაში არ დაკონკრეტებულა, დეოლიგარქიზაციის საკითხი სპეციალური კანონით უნდა მოგვარებულიყო თუ სტრუქტურული რეფორმის გატარებით, რაც სხვადასხვა რელევანტური ინსტიტუციების გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, ვენეციის კომისიამ სისტემურად შეაფასა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნა, რომ ოლიგარქიული მმართველობის პრობლემის მოსაგვარებლად ორი მიდგომის გამოყენებაა შესაძლებელი – სისტემური და ე.წ. “პერსონალური”. ამ ორიდან ვენეციის კომისია უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ სუსტი მმართველობის პერიოდში, აღნიშნული კანონი ვერ მოახერხებს, საკუთარი რეალური მიზნის მიღწევას.

„სუსტი ძალაუფლების განაწილების, ძალაუფლების ცენტრალიზაციისა და არაფორმალური გავლენების პირობებში დეოლიგარქიზაციის შემოთავაზებული კანონი ვერ უზრუნველყოფს დეკლარირებული მიზნის მიღწევას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კანონის მიღებაზე და შემდგომ აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები არაფორმალურ გავლენებს ექვემდებარებიან.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სისტემურად დაიწყოს პრობლემის მოგვარება ფუნდამენტური რეფორმებითა და სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებით. წინააღმდეგ შემთხევაში “დეოლიგარქიზაციის მშესახებ” კანონის მიღება არათუ მოაგვარებს პრობლემას, არამედ უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას და გაზრდის ადამიანის უფლებათა დარღვევის, სტიგმატიზების და კანონის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ თვითნებური გამოყენების რისკებს, რაც დიდი ალბათობით  ევროკავშირიდან დამატებითი კრიტიკის საფუძველი გახდება“, -ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share