მოაქტივისტო ტიპაჟები რწყევის ღიმილაკებს წერენ და ,,სანიმუშო კოლაბორაციონისტს” მიწოდებენ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ტრაგიკომიკურია, როცა ჩემთან და ეროვნული ბიბლიოთეკის პოლიტიკასთან კრემლისა და ოკუპაციის მიმართ, რაღაც კითხვას დასვამ.

იოლად გაგახსენებთ ვიწრო ფიქრის მქონეებს: მე ვიყავი, ვინც რუსეთის კულტურის სამინისტროდან მოსულ ადამიანებს საჯარო უარი უთხრა ბატონი კარასინის მიერ დაანონსებული რუსული კულტურული ცენტრისთვის ადგილის გამოყოფაზე.

20 ივნისის მოვლენებისას ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელში ანტისაოკუპაციო დროშები ფრიალდება.

ომის დასაწყისშივე გავხსენით უკრაინული ბიბლიოთეკა და დღემდე უამრავ უკრაინულ ღონისძიებას ვმასპინძლობთ.

მე მივდივარ უკრაინაში იქაური ბიბლიოთეკათა ასოციაციის სპეციალური მიწვევით, როგორც მთავარი პარტნიორი და მეგობარი. როცა რუსი გამომცემლები ,,გურული დღიურების” გამოცემას აპირებდნენ, მქონდა მკაცრი პირობა, გარეკანზე დაეწერათ – ,,შემოსული თანხა მოხმარდება აგვისტოს ომისას დაღუპული ქართველი მეომრის ოჯახებს” და ცხადია, ვერცერთმა ვერ გაბედა.

არ წავსულვარ არასდროს რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული მიწვევები მქონდა, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო ბიბლიოთეკად დასახელებას გვიპირებდნენ.

,,აგენტების კანონის” წინააღმდეგ ბრძოლაში უკანასკნელი როლი არ მითამაშია – ამის გამო, პრორუსული ორგანიზაციები და ადამიანები დღემდე ჩემს გადაყენებას ითხოვენ მომაბეზრებელი კნავილით.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავხსენით ოკუპაციისა და აგვისტოს კედელი. მოვაწყვეთ მარო მაყაშვილის ბაღი. დავაწესეთ ანწუხელიძის და დათა პაპას სტიპენდიები. დავიწყეთ დათა პაპას სახელობის ბიბლიოთეკების მოწყობა ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. გავხსენით სკვერის ბიბლიოთეკები და მალე ყველა ამ სოფელში ახალ ბიბლიოთეკას მოვაწყობთ. დავაწესეთ უკრაინაში მოკლული ჯამბულათის სახელობის სტიპენდია. გავხსენით დამოუკიდებლობის დარბაზი, სადაც, როცა შედიხარ, საბჭოთა კავშირის გერბს ფეხი უნდა დააბიჯო და არაფერს ვამბობ უამრავ შესაბამის გამოცემაზე, გაციფრებულ ფოტოზე, კალენდარზე და სხვა.

ახლა მოაქტივისტო ტიპაჟები რწყევის ღიმილაკებს წერენ და ,,სანიმუშო კოლაბორაციონისტს” მიწოდებენ – პარლამენტის თავმჯდომარე როგორ მოვიდა პარლამენტისვე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიებაზე, რომელიც ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ გმირებს ეძღვნებოდაო. რატომ არ გააგდეო? – ალბათ.

მცირეა მათი რიცხვი, ცხადია, მაგრამ რაც არის – სიმპტომატურია. პროტესტზე ექსკლუზივ-თვითმინიჭებული ხალხი ,,ღელავს”, ტრადიციულად ურევს დამიზნებისას, სასარგებლო იდიოტების ნაცნობი მცირე რაზმებივით პროგრესულად წოდებულ წრეებში. ,,ღელავს” და მამუნათებს, როგორც რუსეთუმე უმაქნისი ორკები მამუნათებდნენ თავის დროზე მარო მაყაშვილთან დაკავშირებით. თქვენ გგონიათ თავს ვიცავ? ღრმად ცდებით. მორჩა ეგ დრო. მე შევიცვალე. როგორც ,,მარტის ომიდან” გამოვედი გამარჯვებული, ვერც მუდამ ჩასაფრებული გაუგებარი ,,ბაბლები” გახდებიან რამეს.

ვიცი, სევდიანია თქვენთვის ეს ამბავი, მაგრამ უნდა შეეგუოთ – ცენტრი ვართ ჩვენ – საქმეს ჩვენ ვაკეთებთ. უკვე წლებია. ყოველდღე და მუხლჩაუხრელად. ხალხის უმრავლესობა, მკაფიო უმრავლესობა შესანიშნავად ხედავს ამას და ყოველდღე ვგრძნობ სოფელსა თუ ქალაქში ათასობით თანამოქალაქისგან. განწირულია ორივე მხარის შურნარევი იერიშები.ჩათვალეთ, რომ ამგვარ თემებზე ეს ჩემი ბოლო გამოხმაურებაა – ისიც იმიტომ, რომ ჩვენი წარსული და აწმყო უფრო ცხადი გახდეს. და ალბათ – მომავალიც.“ – წერს კეკელიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share