ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის არმია წინასწარ შედგენილი “სამხედრო რეაგირების გეგმით” მოქმედებდა და პარალელურად სეპარატისტული რეგიონის სამხედროებსაც წვრთნიდა.
„სააკაშვილი დაპროგრამებული იყო ომზე“, – ამბობს კოკოითი და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს და მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ადანაშაულებს. დამნაშავედ მიიჩნევს ის საერთაშორისო თანამეგობრობასაც [ეუთო, გაერო, აშშ, ნატო], რომლებსაც, მისი თქმით, „ამ საკითხის“ მშვიდობიანი გადაწყვეტა არ სურდათ.
„სანამ ინტერვიუს დავიწყებდეთ, მინდოდა მეთქვა, რომ მე ვგმობ რადიო თავისუფლებას და მსგავს [მედიებს], ვისაც მტრული დამოკიდებულება აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ. მე, როგორც რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, პატრიოტი, ვგმობ მათ ქმედებებს, ვინც ცდილობს რუსეთს წაართვას უფლება, დაიცვას თავი“, – ასე დაიწყო ინტერვიუ ედუარდ კოკოითიმ რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზას” ცხინვალელ კორესპონდენტთან.
შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აშორება?
„რა თქმა უნდა, შეიძლებოდა“, – პასუხობს ედუარდ კოკოითი “ეხო კავკაზას” შეკითხვას და ყველაფერს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს:
„სამწუხაროდ, [საქართველოს] ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელთანაც შეუძლებელი იყო შეთანხმება. ის თავიდანვე დაპროგრამებული იყო ომზე. ჩვენ, მოძმე აფხაზეთი და რუსეთის ხელისუფლება აკეთებდნენ ყველაფერს დაძაბულობის აღმოსაფხვრელად. მაგრამ, მეტად სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველ ხალხს უბიძგა ისეთი ნაბიჯის გადადგმისკენ, რომლის შედეგადაც ჩვენს მცდელობებს აზრი დაეკარგა“.
კოკოითი ამბობს, რომ დაძაბულობის განსამუხტად სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობდა, ამისთვის „მთვარეზე წასასვლელადაც“ კი იყო მზად და იყენებდა „ყველა შესაძლებლობას“, რის შესახებაც „არ იცის ფართო საზოგადოებამ“.
ერთი ამბავი, რომელსაც ცხინვალის ყოფილი ლიდერი ჰყვება, მისი თქმით, ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა – როცა არ შეუშინდა ქართულ სპეცრაზმს და „ერთი მცველის თანხლებით, იარაღის გარეშე“, ქართულ სოფლებში გადავიდა.
„როცა ადგილობრივ ქართველებს ველაპარაკებოდი, მოვიდნენ ქართველი ჟურნალისტები…ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ყველაფერი შესანიშნავად ესმოდათ… ერთმა ქალმა თქვა, რომ პრეზიდენტი მე ვიყავი მათთვის და ამ სიტყვებისთვის მას ჟურნალისტისგან მიკროფონი მოხვდა სახეში. „დემოკრატიის შუქურას“ უმაღლესი ფორმაა საქართველოში, დაარტყა სახეში უბრალო გლეხს, რომელსაც არ უნდა ომი და მე მთვლის თავის პრეზიდენტად“, – ამბობს კოკოითი.
„ტყუილია ეს“, – ამბობს ამ ვერსიის შესახებ რადიო თავისუფლების გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური, რომელიც კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს უკვე წლებია, აშუქებს – აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც.
„ასეთი შემთხვევა არ ყოფილა… ადგილზე მეც რომ არ ვყოფილიყავი, გამორიცხულია, რომ ეს ამბავი დამალულიყო – რას ჰქვია ჟურნალისტმა მოქალაქეს დაარტყა მიკროფონი სახეში?! არ გადმოსულა კოკოითი ქართულ სოფლებში“, – ამბობს გოგა აფციაური და იხსენებს, რომ 2004 წლის შემდეგ, როცა კოკოითიმ გზა ჩაეკეტა, დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა დაიტანჯა.
„წვერიახოს მთის გავლით უწევდათ სიარული. ცხინვალს მიღმა, ჩრდილოეთ მხარეს მდებარე 9 ქართული სოფლის მოსახლეობა გორთან და დარჩენილ საქართველოსთან დაკავშირებას მხოლოდ შემოვლითი გზით ახერხებდა. ცხინვალის შესასვლელ-გასასვლელებს სამშვიდობო კონტინგენტი აკონტროლებდა“.
გოგა აფციაური ასევე ტყუილს უწოდებს კოკოითის მიერ აღწერილ კიდევ ერთ შემთხვევას, რომ თითქოს ქართულმა მხარემ ცხინვალში ამერიკელი ჟურნალისტი მიატოვა და ის ოსების საპატრონო გახდა.
„სავარაუდოდ, ის ლაპარაკობს 2008 წლის შემთხვევაზე, როცა დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტი ტყვედ აიყვანეს. ზუსტად იმ დროს მათ დახოცეს ქართველი ჟურნალისტები – გიგა ჩიხლაძე და საშა კლიმჩუკი“, – იხსენებს გოგა აფციაური.
ქართული სოფლებში კოკოითის ჩასვლის ამბავს არც გენერალი მამუკა ყურაშვილი ადასტურებს – იმხანად ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი. „კოკოითი ვერც ოსურ სოფლებში ჩადიოდა, ეშინოდა“, – გვეუბნება ის.
ზოგადად, კოკოითის მიერ დასახელებული ფაქტების უმრავლესობას ყურაშვილი “დეზინფორმაციას” უწოდებს. მაგალითად, კოკოითი ამბობს, რომ ომის წინა დღეებში ამბის მისატანად გოგა ხაინდრავა – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი – „სააკაშვილთან გაიქცა“. ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ხაინდრავა ამ დროს უკვე ოპოზიციაში იყო.
„სააკაშვილს მოვუგე“
„სააკაშვილს მოვუგე, როგორც სკოლის მოსწავლეს“, – ამბობს კოკოითი ინტერვიუს ერთ ეპიზოდში, როდესაც, აგვისტოს ომის წინა პერიოდში [2008 წლის ივლისი], ეუთოს ელჩების ცხინვალში ვიზიტზე ჰყვება.
მისი თქმით, სტუმრები სადილად ისეთ ადგილას მიიწვია, სადაც მათთან თბილისი კავშირზე ვერ გადიოდა. „ამან დიდი როლი ითამაშა“, – ამბობს კოკოითი და ამტკიცებს, იმის გამო, რომ თბილისი თავის ელჩს ეუთოში 2 საათის მანძილზე მობილურით ვერ უკავშირდებოდა, ქართულმა მხარემ „ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ ოსეთს.“
მაგრამ როდესაც დელეგაცია ოსეთს ტოვებდა, ისინი ისეთი გზით გავიყვანეთ, რომ ენახათ, ვინ ისროდა. „ვუთხარი…ესეც თქვენი ქართული სტუმართმოყვარეობა-მეთქი“, – ჰყვება კოკოითი.
„მე ვეტყოდი კოკოითის – როგორ შეიძლება სააკაშვილი დამარცხებულად და მოტყუებულად ჩაითვალოს, როცა რუსეთმა სწორედ საქართველოსთან ომის შემდეგ სამუდამოდ დაკარგა სამშვიდობო მანდატი, მსაჯულის მანტია… თუკი 7 აგვისტოს მდგომარეობით [რუსეთს] ყველა ბერკეტი ეჭირა ხელში, უკვე ვეღარასდროს იქნება მშვიდობისმყოფელის როლში“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა ყურაშვილი, რომელიც კოკოითის რუსეთის პოლიტიკის განუყოფელ მარიონეტად თვლის.