ოზურგეთში, თხილის მიმღებმა პუნქტებმა, “გულშიშველასა” და ნარევი ჯიშის თხილების მიღება შეაჩერეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ერთ ერთმა მეწარმემ აცნობა, რომელიც ქალაქ ოზურგეთში, აღმნაშენებლის ქუჩაზე, თხილის მიმღებ პუნქტსა და თხილის გასარჩევ საამქროს ფლობს.
მისი განცხადებით, ნაწილობრივ შეზღუდვა დღეს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და მისი მიზეზი პროდუქციის დაბალი ხარისხი გახდა:
“ამ წუთისათვის ასეთი სიტუაციაა, რომ მხოლოდ “ბერძნულას” ვღებულობთ, რადგან “გულშიშველა” ძალიან დაბალი ხარისხისაა, მთელი პროდუქცია, რომელიც დღეს ზუგდიდში გადავაგზავნეთ, უკან დაგვიბრუნდა, არ ვიცით ეს რამდენ დღეს გაგრძელდება” – გვითხრა მეწარმემ.
მისივე თქმით, “ბერძნულას” ფასი ერთი კილოგრამი 4 ლარამდეა, “გულშიშველას” ჯერ ორ ლარად და 80 თეთრად ღებულობდნენ, შემდეგ ორლარნახევარი გახდა, დღეისათვის კი კილოგრამს ლარ და 80 თეთრად იბარებდნენ.