ოზურგეთის მერიის მიერ ადგილობრივი მძღოლებისათვის დაგებული “ხაფანგები”
მიმდინარე წლის 24 იანვრიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულების საავტომობილო გზებზე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ათეულობით საგზაო ნიშანი და ე,წ “ჭკვიანი კამერები” დამონტაჟდა.
ოზურგეთის მერიამ საკუთარი ბიუჯეტიდან ამ ღონისძიებისათვის ასეულ ათასობით ლარი გამოყო.
“შედეგმაც” არ დააყოვნა – უკვე ნახევარ წელიწადში ბიუჯეტი ადგილობრივი მძღოლების დაჯარიმებიდან – მილიონობით ლარით შეივსო.
მძღოლების აბსოლიტურ უმრავლესობას მიღებულ საჯარიმო “ესემესებში” მითითებულია, რომ, დაჯარიმების მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება – 67,7 კმ/საათში-გახდა.
სამწუხაროა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მძღოლების დაჯარიმების მიზეზი არა სიჩქარის გადაჭარბებაა, არამედ ოზურგეთის მერიის მიერ საგზაო ნიშნების უცნაურად განთავსება-რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლება, საგზაო ნიშნების არაადეკვატური და აუხსნელი განლაგების გამო სპეციალურად პროვოცირებას უკეთებს მძღოლებს = რომ მოხდეს მათი მასობრივად დაჯარიმება.
როგორც ჩვენთან მძღოლები საუბრობენ, ამ მიზნით გზებზე რამდენიმე ე.წ. “ხაფანგია” დაგებული.
“გურიის მოამბეს” რედაქციამ მძღოლების მიერ დასახელებული “ხაფანგებიდან” რამდენიმე ადგილი მოინახულა და გთავაზობთ ამ ადგილების ფოტოებს.
ყველაზე მასიური დაჯარიმება მძღოლების ხდება ოზურგეთი მერიის გზაზე, კონკრეტულად სოფლების მერიასა და ციხისფერდის საზღვარზე.
მოდით ვნახოთ რა ხდება აქ:
როცა გურიანთიდან მერიისაკენ მიდიხართ, გასცდებით თუ არა ციხისფერდს შეგხვდებათ საგზაო ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მძღოლებს უფლება აქვთ 80 კმ სიჩქარით იმოძრაონ, თუმცა ოციოდ მეტრში არის მეორე საგზაო ნიშანი, რომ შეზღუდვა 40 კმ -მდე იკლებს. 40 კილომეტრიან შეზღუდვასთან კი ოზურგეთის მერიას “ჭკვიანი კამერა” აქვს დამონტაჟებული – 20 მეტრიან რადიუსში მძღოლების უმრავლესობა ვერ ასწრებს ამ “გაუგებრობაში” გარკვევას და ხდება მათი დაჯარიმება.
მეორე ასეთი ადგილი სოფელ გურიანთის ცენტრია
ერთი მიმართულებით მიმავალ მძღოლს 80 კილომეტრიანი საგზაო ნიშანი აქვს, ხოლო იმავე მონაკვეთზე საპირისპირო მიმართულებით მომავალ მძღოლებს 40 კმ.
ეს სოფელი ჭანიეთია – ოზურგეთი ქობულეთის ავტომაგისტრალი-სულ რაღაც 10 მეტრიან რადიუსში საგზაო ნიშნები 40 კილომეტრიოან შეზღუდვას ხსნის მაგრამ იქვე აწესებს და რაც მთავარია იქვეა კამერაც.
ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ ბევრი შეიძლება და ისმის კიტხვა, მართლა ბიუჯეტის შესავსებად მოიგონეს ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნებმა ეს “იდიოტებები” (მძღოლების სიტყვებით რომ ვთქვათ), რომ მერე საკუთარ ტავებს პრემიებიუ უხვად გამოუწერონ, თუ “რაღაც” სპეცოპერაციაა მძღოლების დასჯის მიზნით და ინფორმაცია არ გვაქვს?