რა ახალი დავალებებით ჩამოვიდა მოსკოვიდან ოთარ ფარცხალაძე? – დასანქცირებული ყოფილი პროკურორი თბილისში კომპანია “აზიმუტის” რეისით ჩამოფრინდა. რუსეთის მოქალაქე, რომელიც შტატებმა დაასანქცირა და რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ამხილა, საქართველოს საზღვარზე რუსული პასპორტით სრულიად უპრობლემოდ შემოუშვეს. “პირველების” ინფორმაციით, ფარცხალაძე თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე საათით საგანგებოდ ჩამოფრინდა.
ოთარ ფარცხალაძის ესკორტისა და დაცვის თანამშრომლების კადრები “პირველების” კამერამ აეროპორტში გადაიღო. მას შემდეგ რაც დაცვამ ფარცხალაძეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გარეთ ჟურნალისტები იდგნენ, ყოფილ პროკურორს აეროპორტი სათადარიგო გასასვლელით, ფარულად დაატოვებინეს. ცოტა ხანში კი განგაშის სიგნალი მის რეზიდენციასთან ჩაირთო. წყნეთში, კაკლების დასახლებაში, ფაცხალაძის შავ სასახლესთან გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.