სენატორების მძიმე წერილი ირაკლი კობახიძეს – “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის მმართველი რედაქტორი “ტვ პირველის” ეთერში უმწვავესი წერილის დეტალებზე საუბრობს.
ია მეურმიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ისტორიის განმავლობაში ასეთი კრიტიკული შინაარსის მქონე წერილი საქართველოში არასდროს გაგზავნილა.
“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქციების დაწესების მოლოდინი და მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტა, ასეთი მაღალი დონის წერილშია ნახსენები” – დასძენს ია მეურმიშვილი.
“ამერიკის ხმის” რედაქტორი განმარტავს, თუ კონკრეტულად ვის შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამომავლოდ დაწესებული სანქციები.
ია მეურმიშვილი აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსის მიხედვით, ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის, დასანქცირდება.
უპრეცედენტოა მისი ხასიათით, შინაარსით და იმ სიტყვებით, რომლებიც გამოყენებულია ამ წერილში. გადავამოწმე ორი სენატორის ოფისთან და ვკითხე, იყო თუ არა ეს უპრეცედენტო წერილი მათ საქართველოსთან ურთიერთობის განმავლობაში და დამიდასტურეს, რომ ამ შინაარსის წერილი საქართველოში არ გაგზავნილა. ასევე ძალიან საყურადღებოა რაოდენობა სენატორებისა. როგორც წესი, საკმაოდ რთულია ორპარტიულ ტექსტზე შეთანხმება და როგორც თქვენ აღნიშნეთ, 14 სენატორი აწერს ხელს ამ წერილს. აქედან 8 დემოკრატია, 6 რესპუბლიკელი, რაც პარტიული დაყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ თანაბარი გადანაწილებაა.
უშუალოდ წერილის ინიციირება მოახდინა სენატორმა შაჰინმა, რომელსაც ჩვენი მაყურებელიც კარგად იცნობს და ის წლებია საქართველოს აქტიურად აკვირდება. მე რამდენჯერ მაქვს მასთან ინტერვიუ ჩაწერილი და ყოველთვის ახსენებს მაყურებელს, რომ 2012 წელს ის და სენატორი რიში დამკვირვებლებად იყვნენ საქართველოში ჩასული და მიესალმნენ იმას, რომ ქვეყანაში მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების გადაბარება ყოფილ მთავრობასა და ახლანდელ მთავრობას შორის.
რაც შეეხება ტექსტი სიმძიმეს, საჯარო განცხადება არ მინახავს არც სანქციებზე, არც მთავრობის დაფინანსების შეწყვეტაზე და არც სავარაუდო ვიზების შეზღუდვის სიის გაფართოებაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი დონის წერილშია ნახსენები. ყურადღებამისაქცევია ნამდვილად მათ მიერ, ვისაც ეს ეხება, შესაბამისად მმართველი გუნდისთვის და “ქართული ოცნებისთვის”.
რთული სათქმელია, კონკრეტულად ვის ეხება, მაგრამ წერილში როგორც ეწერა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროპასთან დაახლოებას და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”, – ამბობს ია მეურმიშვილი.