საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს კრემლის ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს და მას “რუს ოლიგარქს” უწოდებს – გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” შავბნელ პოლიტიკას ფარდა საბოლოოდ აეხადა.
“იმ ადამიანებმაც კარგად დაინახეს ყველაფერი, რომლებიც თვალს ხუჭავდნენ მმართველი პარტიის ზღვარგადასულ რიტორიკაზე” – ამბობს პოლიტიკოსი და იქვე ამატებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთს ისტორიულ მტრად აცხადებს.
მარგველაშვილი დასძენს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა განზრახვა ამოძრავებს ქართველ ოლიგარქს, რადგან მისი თქმით, მმართველი პარტიის ნაბიჯები ქვეყანას აზარალებს.
”ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. ეტყობა, ის რასაც გვეუბნებოდა 2012-ში, ეს, სავარაუდოდ, სრული სიმართლე არ იყო. ამის თაობაზე სპეკულაცია მიჭირს. მე მინდა ვთქვა, რომ ახლა ყველაფერს ახდილი აქვს ფარდა იმ ხალხისთვისაც, ვისაც ეჭვი გვიჩნდებოდა და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით. მაგრამ არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც აეხადა ფარდა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ არ დაენახათ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების ზღვარგადასული რიტორიკა, რომელიც დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ იყო მიმართული. გუშინ საბოლოო ინსტანციამ და საბოლოო წყარომ 4 დღის წინ დაგვიფიქსირა, რომ დასავლეთი ჩვენი ისტორიული მტერია, რომ ისინი ჩვენ წინააღმდეგ კონსპირაციულად მოქმედებენ და არჩევანი გასაკეთებელი არის დასავლეთის წინააღმდეგ”, – ამბობს მარგველაშვილი.