რუსეთის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პარლამენტის წევრებს გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის აქებს.
“უცხოური აგენტების შესახებ კანონზე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით, საქართველოს პარლამენტმა გამოავლინა ხასიათი და სიმწიფე”, – დაწერა მან Telegram-ზე.
ცოტა ხნის წინ უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებმაც კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა.
არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს. მან უარი თქვა, კანონი მუხლობრივად განეხილა.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.
კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ “ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს”.