პარიზის ოლიმპიადის მორიგ საშეჯიბრო დღეს, 2 აგვისტოს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
+100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი პირველი წრისგან თავისუფალია და შეჯიბრს მერვედფინალიდან დაიწყებს, სადაც სენეგალელ მბაგნიკ ნდიაესა და გვინეა-ბისაუელ ბუბაკარ მანეს შორის უმჯობესს შეხვდება. დიდი შანსია, რომ გურამი მეოთხედფინალში ძიუდოს ლეგენდას, ტედი რინერს დაუპირისპირდეს, თუ ორივე მივა მეოთხედფინალამდე, ერთმანეთს შეხვდებიან. 29 წლის თუშიშვილი წინა ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია, ის ევროპის ჩემპიონატზე ფლობს ოქროს (ერთი), ვერცხლის (ორი) და ბრინჯაოს (სამი) მედლებს. სამივე სინჯის მედალი მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზეც (თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო).
ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილის პირველი მეტოქე გერმანელი რენე ლუხტი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ფრანგ რომან დიკოს შეხვდება.
2 აგვისტოს იასპარეზებს ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლაში. ის 25 მეტიდან ისვრის. კვალიფიკაცია 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული და ნინოს საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვედრა დასჭირდება ფინალში გადასასვლელად, რომელიც თავის მხრივ 3 აგვისტოს გაიმართება.
სალუქვაძე მე-10 ოლიმპიადაზე მონაწილეობს. მან უკვე ისროლა 10 მეტრის დისტანციიდან და 38-ე ადგილზე გავიდა, შესაბამისად, კვალიფიკაცია ვერ დაძლია.
მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა ოლიმპიადაზე პირველად გამოვა. შეჯიბრი თბილისის დროით 12:30 საათზე აიღებს სტარტს.
2 აგვისტოს იასპარეზებს ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინა, რომლისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადაა. ლუბა მეექვსე იყო პეკინში 2008 წელს, ხოლო მეშვიდე შედეგი აჩვენა 2012 და 2016 წლებში. წინა ოლიმპიადაზე მას არ უასპარეზია. ბატუტზე ხტომის კვალიფიკაცია, რომელშიც 16 მონაწილე გამოვა, 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალი, რომელშიც 8 საუკეთესო გადავა, 15:50 აიღებს სტარტს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს.