სულელური გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლების მთავარი პირი მდგარიყო ირანში ინაუგურაციაზე – იან კელი

“მხარს ვუჭერ აშშ-ის ზომებს, რომლებსაც “ოცნების” წინააღმდეგ იღებს… სულელური გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლების მთავარი პირი მდგარიყო [ირანში] ინაუგურაციაზე”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” საუბრობს. ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ეხმაურება როგორც კობახიძის ირანში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, გამგზავრებას, ისე აშშ-ის მიერ “ოცნების” ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას.

“გუშინდელი დღე ცოტა სევდიანი იყო მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება და გარკვეული დახმარების შეზღუდვა საქართველოსთვის… 2016-18 წლებში, როცა ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ეს ხელისუფლება იყო, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მათთან ურთიერთობა მქონდა და ძალიან სასარგებლო პროექტებს ვახორციელებდით. აქ იყო თავდაცვის ძალების აღჭურვა, ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით ქმედებები, მათი ქართულ სკოლებში შეტანა… შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა შეჩერდა, ამ მიმართულებით განვითარება შეწყვიტა, რამაც სევდა მომგვარა. ჩვენი ყველა პროექტი საქართველოს ხალხის და არა მთავრობის დასახმარებლად ხორციელდებოდა და ამის შესახებ მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება არასწორია…

ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტყვას და ეს მოხდება ოქტომბერში. მანამდე, ფოკუსირება და მხარდაჭერა სწორედ ქართველი ხალხის მიმართ უნდა იყოს. მე მხარს ვუჭერ აშშ-ის ხელისუფლების ზომებს, რომლებსაც ისინი “ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ იღებენ. ჩვენი ფოკუსი ნამდვილად ხალხის მხარდაჭერაზეა, რომლებსაც დასავლეთთან დაახლოება სურთ და ეს არაერთხელ აჩვენეს.

ეს იმიჯი ძალიან სამწუხარო იყო, ხელისუფლების მთავარი პირი მდგარიყო ამ ინაუგურაციაზე ტერორისტის გვერდით, ეს საშინელი სანახავი იყო. ეს სულელური გადაწყვეტილება იყო, საქართველოს მთავრობის მხრიდან – ჯერ გაეგზავნა იქ საქართველოს პრემიერმინისტრი და შემდეგ, დაეყენებინა ასეთი ადამიანის გვერდით. ასეა თუ ისე, ეს ხელისუფლება ცდილობს, რაღაც გარკვეული მხარდაჭერა გამოხატოს ჩინეთის მიმართ, მაგალითად პორტის მშენებლობის საკითხები, რომელიც ასეთ ცხელია ამ ეტაპზე”, – განაცხადა იან კელიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share