“რუსეთთან ჯერ კიდევ არსებობს რესურსი იმისათვის, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს” – ასე აფასებს პრორუსი პოლიტიკოსი, ვალერი კვარაცხელია პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმების მოთხოვნას.
ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებაზე უარს არ ამბობს.
მგონია, რომ რუსეთთან ჯერ კიდევ არსებობს რესურსი იმისათვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაზე მე მგონი, დღევანდელი ხელისუფლება უარს არ ამბობს. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, ამიტომ რუსეთის ინტერესებში თუ შედის ის, რომ მმართველი პარტია დარჩეს მმართველ პარტიად, ეს ისედაც გარანტირებული აქვს მმართველ პარტიას, რადგან მას ალტერნატივა არ ჰყავს”, – ამბობს ვალერი კვარაცხელია.
პრორუსული ძალები გეორგიევსკის ტრაქტატის ახალი ვერსიის გაფორმებას ითხოვენ – პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თბილისში შეხვედრას მართავს და ოფიციალურ მოსკოვს სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის თხოვნით მიმართავს.
პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრები თანამოაზრეებთან ერთად გეგმავენ, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.
ფორუმზე, რომელიც ხვალ, 4 აგვისტოს, თელავში გაიმართება, ელოდებიან მამუკა ფიფიასაც, რომელიც მოსკოვიდან თბილისში საკუთარი გეგმების გასაჟღერებლად ჩამოდის.