“ბატონო ბიძინა, ნებისმიერი ქმედება ჩვენი ფიზიკური განეიტრალებისთვის, ან ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფის მიმართულებით, არის თქვენი პირადი პასუხისმგებლობა” – “რამზეს იახტის” დამფუძნებელი, გიორგი ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
ბიზნესმენმა TV PIRVELI-ის ეთერში ისაუბრა, როგორ ცდილობდა ივანიშვილის გარემოცვა, თხოვნის შეუსრულებლობის გამო, მის დაშანტაჟებას, ხოლო შემდეგ პროკურატურის ჩართულობით მასზე წნეხის მოხდენას.
ჩიკვაიძის თქმით, 2022 წელს მას და მის პარტნიორს “ანტისახელმწიფოებრივი” დავალება მისცეს, რაზეც მათ უარი თქვეს. ბიზნესმენი არ ასახელებს არც დავალების შინაარსს, არც მის გამცემს. თუმცა, ჩიკვაიძე ყვება, რომ უარის შემდეგ მასთან ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, ელგუჯა თურმანიძე დაახლოვდა და მასთან შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. ჩიკვაიძს თქმით, თურმანიძე მას ხშირად სთავაზობდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და ფულის გათეთრების სქემაში ჩართვას.
“ის ყოველდღიურ რეჟიმში გვთხოვდა, მასთან ერთად გაგვესინჯა ნარკოტიკული ნივთიერება, კოკაინი. […] როდესაც ჩემგან მკაცრი რეაქცია მიიღო, თემა შეიცვალა და დაიწყო ფულის გათეთრების გზების შემოთავაზება” – ამბობს ჩიკვაიძე.
ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მან და მისმა პარტნიორმა გაწყვიტეს ბიზნესკავშირი თურმანიძესთან, მასზე წნეხის მოხდენის მოხდენა ჯერ აჭარის საოლქო პროკურატურამ სცადა, თუმცა, იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ბრძანებით, საქმე დაიხურა.
ბიზნესმენი ყვება, რომ თბილისის პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე ხელახლა მას შემდეგ აღძრა, რაც მან ღიად გამოხატა პროტესტი რუსული კანონის მიმართ.
“გადის დრო, ჩვენ ჩართულები ვართ ანტირუსულ ღონისძიებებში, რადგან არ გვინდა, რომ ეს ქვეყანა დაიღუპოს. გამოიცანით, რა ხდება? მთავარ პროკურორად ბატონი გაბიტაშვილი ინიშნება და ერთი კვირით ადრე თბილისის ფინანსური პოლიცია გვიკავშირდება, ზუსტად იგივე საქმეზე.
ჩიკვაიძე გადაცემაში აანონსებს, რომ 16-17 სექტემბერს დაფუძნდება ახალი მოძრაობა, რომელიც, მისი თქმით, იქნება სასწრაფო დახმარება ყველა დამწყები თუ შემდგარი ბიზნესმენებისთვის.
“ჩვენი პირდაპირი სამიზნე იქნება გენერალური პროკურატურა და მისი მხილება. ამას ნახავთ, რა ხალხთან გავაკეთებთ. დღეს, ვინც მზად არის, 6 ქეისი უკვე გამზადებული გვაქვს, ვინც მზად არის ამაზე სასაუბროდ და ვინც არ არის მზად, იმათზე ჩვენ ვისაუბრებთ. ამისთვის ყველა რესურსი მოძიებული გვაქვს და ჩვენ დავასრულებთ გამოცხადებულ მორატორიუმს გენერალური პროკურატურის მხილებაზე, ისინი ჩვენი პირდაპირი სამიზნეები იქნებიან” – თქვა ჩიკვაიძემ.