2025 წელს ევროკავშირის საგრანტო დახმარება 93%-ით შემცირდება – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს და წერს, რომ თუ 2024 წლის გეგმა ევროკავშირისთვის 105 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, გრანტის ოდენობა 7 მილიონი ლარია.
ასევე, გამოცემის ცნობით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტითვე ირკვევა, რომ მომავალი წლიდან მკვეთრად შემცირდება საქართველოსთვის სხვა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი გრანტების რაოდენობაც.
გამოცემა ასევე წერს, რომ 2024 წლის გეგმით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები 129,8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2025 წლის პროექტით 41,3 მილიონამდე შემცირდა. უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები დაახლოებით 17 მილიონს შეადგენს და 3 მილიონით ნაკლებია წინა წლის გეგმაზე. 1,2 მილიონიდან 2 მილიონამდეა გაზრდილი უცხოეთის იურიდიული პირებიდან მიღებული გრანტები.
გამოცემა წერს, რომ მთლიანობაში, საერთაშორისო დონორებისგან გათვალისწინებულია დაახლოებით 60,3 მილიონი ლარის ოდენობის გრანტის მიღება, როცა 2024 წლის გეგმა 151 მილიონ ლარს შეადგენდა (60%-პროცენტიანი შემცირება).