რამდენიმე წლის წინ ერთი კანდიდატი მესაუბრებოდა თუ რას იზამდა გამარჯვების შემთხვევაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას გამარჯვების შანსი არ ჰქონდა და ვკითხე დამარცხების შემდგომი გეგმა თუ ჰქონდა? – მაგი რა საჭროაო მკითხა. რაზეც ვუპასუხე, რომ მისი დამარცხების შემდგომი მოქმედების გეგმა თუ მომეწონებოდა ხმას მივცემდი. გაიკვირვა, მივხვდი, რომ ვერაფერი ვერ გაიგო და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
მეტი დრო რომ მქონოდა ვეტყოდი, რომ იგი საინტერესო და განათლებული ტიპი იყო და თუ კი იგი ოზურგეთში ანუ ადგილობრივ პოლიტიკაში დარჩებოდა ძალიან კარგი იქნებოდა, რისი სურვილიც აშკარად გამიჩნდა მასთან საუბრის შემდგომ და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნებს წააგებდა ხმას მაინც მივცემდი.
პოლიტიკოსებში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წესი (ოღონდ არა ჩვენს ქვეყანაში), კერძოდ – პოლიტიკოსი რომელმაც არჩევნებში ვერ გაიმარჯვა მაგრამ მიიღო მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ანუ მიიღო ლეგიტიმაცია მოსახლეობის ნაწილისაგან, თავის თავს ვალდებულად თვლის დარჩეს ადგილობრივ პოლიტიკაში და იმ შესაძლებლობებით იბრძოლოს იმავე ინტერესების დასაცავად რომელიც უნდა დაეცვა გამარჯვების შემთხვევაში. ჩემი აზრით ინტერესების დაცვის შესაძლებლობები “დამარცხებულსაც ” აქვს და ზოგ შემთვევაში უფრო მეტიც კი ვიდრე გამარჯვებულს.
ჩვენი “ადგილობრივი პოლიტიკის” ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც ისაა, რომ ე.წ. დამარცხებული კანდიდატების დიდი უმრავლესობა არჩევნების დამთავრებისთანავე უკვალოდ “ქრებიან” ადგილობრივი პოლიტიკიდან, შემდეგ მოდის ახალი და ისიც უკვალოდ ქრება და გრძელდება უსასრულოდ. თუმცა დამარცხებულს ვინ ამბობს გამარჯვებულებიც ქრებიან და იძირებიან საკუთარ კეთლდღეობაში.