ოზურგეთში კალანდისთვის მზადება მიმდინარეობს – საახალწლო ღონისძიებები ხვალ, 13 იანვარს, სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ ეზოში 18:00 საათიდან დაიწყება.
18:00 საათიდან ჩატარდება ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; მოეწყობა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი – შეფ-მზარეული ლადო დანელია; გრანდიოზული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება; ფელამუშის მომზადება გურული ტრადიციული ნუგბარით; ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა.
19:00 საათზე გაიმართება გალა კონცერტი, რომელშიც დათუნა სირბილაძე და კვარტეტი “რანინა”, სალომე ბაკურაძე და სოფო ბედია მონაწილეობენ.
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით, გმირთა მოედნიდან – სოფელ შემოქმედის მიმართულებით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს 17:00 საათიდან, ღონისძიებების დასრულებამდე უფასოდ მოემსახურება.
წყარო – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია