მასობრივი გაყალბებისა და ამომრჩევლის ნების კონტროლის ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმი “ოცნების” მიერ საგანგებოდ შექმნილი ქოლ-ცენტრები იყო. 3000-ზე მეტ უბანთან ქოლ -ცენტრებმა ფუნქციონირება საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დაიწყეს.
“მთავარი არხის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ოცნებას მობილიზებული ჰყავდა ქოლ-ცენტრების ოპერატორები და პასუხისმგებელი პირები, ვისაც უბანზე ამომრჩევლები უნდა მიეყვანა, შემდეგ კი გაყიდულ ხმაში თანხა გადაეხადათ – ძირითადად 150 ლარი.
ე.წ. პასუხისმგებელი პირი, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ამოწმებდა “ოცნების” ამომრჩევლის მისვლას უბნებზე, მათ შორის, ისეთებისაც, ვისაც წინასწარ წაართვეს პირადობები და დააშინეს – და ინიშნავდა მას. ხოლო თუ ვინმე ჯერ არ იყო მისული საარჩევნო უბანზე, ამ ინფორმაციასაც აწვდიდა ქოლ-ცენტრს, საიდანაც უკავშირდებოდნენ ამ ადამიანებს და ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ.
ოპერატორები იყვნენ სათაო ოფისისთვის ინფორმაციის მთავარი მიმწოდებლები, იმაზე თუ სად უჭირდათ და სად არა, რის შემდეგაც რეჟიმი ზონდერებთან ერთად მოქმედებას იწყებდა და მორიგი კარუსელიც მზად იყო.
ჩვენთვის ცნობილი გახდა “პასუხისმგებლებიც”. მაგალითად, ამიაკ ბაგდასარიანი და ლუკა ტიელიძე. მათ ტელეფონით დავუკავშირდით და “ოცნების” საარჩევნო შტაბის წარმომადგენლად გავეცანით. ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს “ოცნების” სასარგებლოდ ვერ დაგვისახელეს, თუმცა მათი პასუხებიდან ირკვევა, რომ სწორედ ეს დავალება ჰქონდათ.