ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება – მედიაომბუდსმენი

აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, – მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ყველა იმ დარღვევის შესახებ წერს, რომელიც პოლიციამ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩაიდინა.

მედიაომბუდსმენი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების მიმართ. ასევე, მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

დღეს, 19 ნოემბერს, აქციის დარბევის გაშუქებისას, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლების და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორებისა და ჟურნალისტებზე  მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა, ფიზიკური ძალადობა და დაკავება მათი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს განხორციელდა. კერძოდ:

პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;
სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას. მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას”, რომელიც არ უზრუნველყოფს ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, და საკუთარი ქმედებებით, პირიქით ახალისებს და ხელს უწყობს ძალადობრივ გარემოს.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი ქმედებები მედიის წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების მიმართ;

ასევე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით,– ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share