გურიის მოამბე

მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე, სტუმარი თუ როდის მიდის – შოთა თედორაძე

გურული ექიმი შოთა თედორაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ჩანახატებს, რომელიც საინტერესოდ იკითხება და ძირითადად, თავისი სამედიცინო საქმიანობა აქვს „ფარცაკად მოკვარახჭინებული“. ამჯერად მან 2019 წელს დაწერილი ჩანახატი გამოაქვეყნა, რომელიც გურულებს ეძღვნება:

„გურულებიო, სხვანაირები არიანო… შრომის სიყვარულს გვიწუნებენ და ამიტომაც არის, რომ სულ ღარიბი იყო გურიაო. გურულებს ლაზღანდარობის მეტი არაფერი უნდაო…

წევიდა კაცი სათოხარში, გექტრობით მიწა აქვს გასათოხნი და აგერ კრიმანჭულს ღიღინებს.

იქაც იმიტომ მიდის და ნადს იმიტომ ეძახის, რომ სამხარზე თითო გრაფინი ღვინო გადაჰკრას, კრიმანჭული ჩაახვიოს და მერე პოლიტიკით გაძღეს.

მე ვფიქრობ, რომ გურულები სიცოცხლის მოყვარული ხალხია.

ვერ ნახავ მატერიალისტ გურულს, ხარბ და ძუნწ გურულს ვერ იპოვი…

კილოკავს თუ დაუკვირდები, ნახავ გურულის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი…

მაგალითად „ამდენ ლაზღანდარში, აგერ აააა, ქე გახდა აი შავი კაცი პრეზიდენტი”.

სერიოზულია, მაგრამ, აბა, კილოს უსმინეთ?! თითქოს აქ არაფერი.

დასცინის გურული ფაქტების და მოვლენების აბსურდულობას. იცინის გულიანად, ყველაფერი უხარია, უხარია ცხოვრება. სხვანაირი თვალი აქვს.

ერთი შეხედვით, იქნებ ისიც კი იფიქროთ, ყველაფრის უკმყოფილოაო გურული, მაგრამ ისეთი მცირედით ნახავთ კმაყოფილს, რომ აზრს მყის შეიცვლით.

შავკანიანები რომ ჯაზს მღეროდნენ სამუშიერზე, აგერ გურულები ნადურს ახვევდნენ ყანაში

თუ რამეს სათხოვნელად მიხვალ გეტყვის “მაგერ იქნება, საცხა ეზოში, მოძებნე და წეიღე, ბიძია”.

აქვს ნივთი, მაგრამ ეს ის არ არის, რომელსაც დაჰფოფინებს, მისთვისაც უნდა, სხვისთვისაც ემეტება. და იცის, რომ დღეს არის და ხვალ არ იქნება.

არ შეიძლება, არ შეგიყვარდეს!

სოციალურია გურული – აბა, ნადი? ნადი უბრალო მოვლენა არ არის. ეს იმ ადამიანების გუნდია, რომელსაც სიმღერა შეუძლია.

აბა, საქმე სიმღერის გარეშე?! არ გამოვა. შავკანიანები რომ ჯაზს მღეროდნენ სამუშიერზე, აგერ გურულები ნადურს ახვევდნენ ყანაში.

ასეთია გურული.

შვილს სათოხარში რომ წაიყვანს, ყანის თოხნისას იმას ასწავლის _ „ნასტავლი უნდა გამოხვიდე და ქვეყანას გამოადგეო”.

გურულები ყველაფერზე ხუმრობენ, ტაბუ დადებულ თემებზეც და ისე ხომ ხუმრობენ და ხუმრობენ.

გურული რომ ლაპარაკობს, იფიქრებ ღმერთსაც და ეშმაკსაც დავიწყებიაო, მაგრამ ძილის წინ ისე არ დაწვება, პირჯვარი რომ არ გადაიწეროს და იქნებ ლოცვანიც კი ედოს თავსთუმალს.

ადვილად არ ეძინება.

სტუმრობა რომ მოგიწიოთ, შუაღამით იქნებ შეუსწროთ, როგორ კითხულობს წიგნს ან გასცქერის მთვარიან ღამეს ჩაფიქრებული.

ფიქრი უყვართ გურულებს, ემოციით სავსე და სიყვარულით აღსავსე.

ლოთი და უქნარა რა მოსატანია… ყველგანაა ასეთი.

გურულებს ყოველთვის ბევრი აქვთ მოსაყოლი და უნიკალური მეხსიერება აქვთ. დიდი ყალთაბანდი ხალხი, გონების ხალხია გურულები. თუ გამევიდა, იმფერი გამოდის, ერთი ასს რომ უდრის.

ჩვენ, გურულები ასეთები ვართ, რაღაცნაირები.

ჩვენ, გურულებმა სხვანაირი მობრძანდის თქმა ვიცით.

ჩვენ, მარტო გურულებმა ვიცით იმის გარკვევა ჩამოსვლისთანავე, სტუმარი თუ როდის მიდის.

იმიტომ კი არა, რომ გვეჩქარება მისი წასვლა. უბრალოდ, გვაინტერესებს, რამდენად დიდი გეგმა აქვს სტუმარს და თითქმის არ მახსენდება, რომელიმე სულიერს გურული განეცვიფრებინოს გეგმის მასშტაბურობით, თუმცა ყოველთვის აძლევს მასპინძელს სასაუბრო თემას ეს კითხვა-პასუხი.

მიყვარს ჩემი პატარა გურია და ვიცი კიდევ ბევრ დიდს და კარგ ადამიანს გაუზრდის ეს პატარა კუთხე მთელს კაცობრიობას!“ _ წერს შოთა თედორაძე.

გურია თუდეი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share