პრემიერი ირაკლი კობახიძე გურიაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც, მისი თქმით, “საკმაოდ რთულია”.
“განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, გუშინდელმა გაართულა კიდევ უფრო მეტად მდგომარეობა, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, – თქვა კობახიძემ.
ის ამბობს, რომ “სრულად იქნება კოორდინირებული და მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ ებრძოლონ სტიქიას”.
“კიდევ ვიტყვი – მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან და ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისათვის ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა. ასევე, დაგვჭირდება მარაგების მობილიზება როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათის ნაწილში, შეშის ნაწილში და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.
მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე”, – ამბობს კობახიძე.