საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი რამდენიმე დღეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეჯერებულ დოკუმენტს გამოაქვეყნებს.
სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ეკა ბესელიამ გაახმოვანა. “სამართლიანობისთვის” ლიდერის ცნობით, დოკუმენტში გაწერილი იქნება საერთო პოზიცია იმის შესახებ, თუ რა პირობებში და რა დათქმებით უნდა ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
ბესელია “პირველებთან” ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნებით, არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკური პარტია ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ფარსი იქნება.
ის ერთიანი ხედვა და ერთიანი შეჯერებული დოკუმენტი, რომელზეც პრეზიდენტი პარტიებთან მუშაობდა და რომლის საჯარო დეკლარირებაც მოხდება მალე, გულისხმობს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს და ამისთვის წინაპირობები იყოს შეთანხმებული პარტიებს შორის. ეს დროში თუ შეიძლება ისე გახანგრძლივდეს, რომ დაემთხვეს ადგილობრივი არჩევნების კალენდარს, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილო, თუ შეუძლებელი იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქამდე, ადრე გაზაფხულზე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა იქნება სრული ფიქცია, სრულიად უშედეგო და უბრალოდ ხაფანგში შესვლა, არაფრის მომცემი, ამიტომ ამაზე საუბარი ცალკე, განყენებულად, ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე, შეცდომაა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ერთიანი, ხელმოწერილი, შეთანხმებული პოზიცია, სადაც ყველა, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მოქალაქეები შეთანხმდებიან, როგორ პირობებში დათანხმდებიან ახალ პირობებს. ამის ლიდერობას აკეთებს პრეზიდენტი. ფორმა, როგორ მოხდება ამის დეკლარირება, პრეზიდენტი მოიფიქრებს. საკმაოდ დიდი სამუშაო იყო ჩატარებული იმისთვის, რომ ერთიანი წერილობითი დოკუმენტი შეიქმნას, სადაც გაწერილი იქნება პირობები. აქ არ მოიაზრება ადგილობრივი არჩევნები ცალკე, განყენებულად”. – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ღალატის ტოლფასად მიაჩნია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თემა ივანიშვილის მარიონეტების მიერ მიზანმიმართულად არის შემოგდებული, რადგან საზოგადოებას ყურადღება გადაატანინონ.
დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არის შემოგდებული საკითხი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტების მიერ, რათა კონცენტრაცია და საუბარი გადავიდეს სხვა თემაზე. დღეს ამ თემაზე საუბარი არის ღალატი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის ციხეში და ვინც ითხოვს ახალ არჩევნებს. ყველას მოვუწოდებთ, მთელი ფოკუსი მიმართონ ახალი არჩევნებისკენ, ჩვენი პატიმრების დახსნისკენ”. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამავე პოზიციას იზიარებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც, რომლის თქმითაც, ახლა ხალხი არა თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ იმაზე უნდა კონცენტრირდეს, თუ როგორ დაამარცხონ დიქტატორული რეჟიმი ქვეყანაში.
ამაზე საუბარი არაადეკვატურია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში წყდება ბედი, დიქტატურა დამყარდება საბოლოოდ, თუ საქართველოში დემოკრატიას და სახელმწიფოებრიობას ექნება მომავალი. ამ მომენტისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არაადეკვატურია. უნდა ვკონცენტრირდეთ ბრძოლაზე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორული რეჟიმი, რადგან თუ დიქტატურა დამყარდება, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ იარსებებენ”. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.