რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია ზედაპირული დათვალიერების ან იდენტიფიკაციისთვის გვაჩერებს

ბოლო პერიოდია, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა პოლიციელები მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ და მოითხოვენ, აჩვენონ, რა უდევს ჩანთაში, ან ჯიბეებში.

ისინი ამას ზედაპირულ დათვალიერებას უწოდებენ და საფუძვლად “პრევენციას” ან “გონივრულ ეჭვს” ასახელებენ. თუმცა ძირითადად არ განმარტავენ, რის პრევენციას ცდილობენ, ან კონკრეტულად რა “გონივრული ეჭვის” საფუძველზე აჩერებენ მოქალაქეს.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა პოლიციელებს მოქალაქეები “იდენტიფიკაციის მიზნით” განყოფილებაში იძულებით გადაჰყავთ.

რამდენიმე დღის წინ, 31 მარტს 4 მსგავსი შემთხვევა გახმაურდა:

ამბავი #1

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, აქტივისტი გელა ხასაია, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციისას, პოლიციელებმა გააჩერეს და მისი ჩანთის შემოწმება მოინდომეს. ხასაია და მისი მეგობრები დაინტერესდნენ, რის საფუძველზე ამოწმებდნენ. თუმცა პოლიციელებს ეს არ განუმარტავთ. ამობდნენ, რომ მათ ჰქონდათ “გონივრული ეჭვი” და არ იყვნენ ვალდებული, მეტი დეტალი განემარტათ.

არაერთი დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, პოლიციელმა მათ უთხრა, რომ “დაგეგმილია საპროტესტო აქცია და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვამოწმებთ”. თუმცა, რატომ ამოწმებდნენ მაინცდამაინც ხასაიას, არ დაუზუსტებიათ.

ხასაიამ მზაობა გამოთქვა, შეემოწმებინათ მისი ჩანთა ზედაპირული დათვალიერების ფარგლებში, თუმცა არ აპირებდა მის გახსნას ამის საჭიროების დასაბუთების გარეშე. პოლიციელებმა რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ ზედაპირული შემოწმება მოიცავდა ჩანთაში არსებული მისი კუთვნილი ნივთების დათვალიერებასაც.

უარის მიღების შემდეგ პოლიციელებმა უთხრეს, რომ მოუწევდათ მისი განყოფილებაში გადაყვანა “იდენტიფიკაციის მიზნით”. ხასაიამ მათ უთხრა თავისი სახელი და გვარი და სხვა პირადი მონაცემები, მზად იყო მიეწოდებინა პირადობის მოწმობაც, მაგრამ პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ეს არ იყო საკმარისი და იდენტიფიკაციას ქუჩაში ვერ მოახდენდნენ.

ამის შემდეგ ხასაია ძალით ჩასვეს პოლიციის მანქანაში და განყოფილებაში გადაიყვანეს. საბოლოოდ, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს.

ამბავი #2 და #3

ამავე დღეს, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს ორი ფსიქოთერაპევტი – გიორგი წოწკოლაური და სანდრო ლიპარტელიანი. როგორც ისინი ჰყვებიან, რამდენიმე პოლიციელმა გააჩერა, უთხრეს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაული მოხდა, რის გამოც ყველას ამოწმებდნენ. ფსიქოთერაპევტებმა უპასუხეს პოლიციელების შეკითხვებს და მიაწოდეს პირადობის მოწმობები. გარდა ამისა, პოლიციელებმა მათ ფოტოებიც გადაუღეს.

რამდენიმე წუთში პოლიციელებმა მათ უთხრეს, რომ პროგრამული ხარვეზის გამო ვერ ხერხდებოდა მათი ვინაობის შემოწმება და უნდა გაჰყოლოდნენ განყოფილებაში იდენტიფიკაციის მიზნით. მათ არ განუმარტავთ, რა მეთოდით შეძლებდნენ იდენტიფიკაციას განყოფილებაში. პოლიციელები მათ ხელს უშლიდნენ საუბრის გადაღებაში. გარდა ამისა, როგორც ლიპარტელიანი ამბობს, მოტყუებით წაართვეს ტელეფონი, არ მისცეს ადვოკატთან საუბრის საშუალება და განყოფილებაში იძულებით გადაიყვანეს.

განყოფილებაში მათი პირადი ნივთების ჩხრეკისას აღმოაჩინეს ნიღაბი, რომლითაც აქციაზე სახეს იფარავდნენ და 2000 ლარით დააჯარიმეს.

ამბავი #4

ამავე დღეს საბურთალოს რაიონში პოლიციელებმა გააჩერეს ლუკა კინწურაშვილი. ამ შემთხვევაშიც პოლიციელებმა მოქალაქეს უთხრეს, რომ მიმდებარე პერიმეტრზე “რაღაც მოხდა” და ამიტომ ამოწმებდნენ. მათ მოსთხოვეს ჩანთის გახსნა, რაზეც კინწურაშვილი დათანხმდა. ამის შემდეგ,პოლიციელებმა მოინდომეს მის მობილურში ტელეგრამის დათვალიერება.

კინწურაშვილმა ადვოკატთან დარეკა, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ ადგილზე მივიდოდა და თუ დაგეგმილი ჰქონდათ რაიმე საპოლიციო მოქმედება, მისი თანდასწრებით ჩაეტარებინათ. პოლიციელებმა კინწურაშვილს ძალით წაართვეს მობილური და განყოფილებაში გადაიყვანეს. ადვოკატი და ოჯახის წევრები მას 6 საათის განმავლობაში ეძებდნენ. საბოლოოდ, მასაც შეუდგინეს სამართალდარღვევის ოქმი პოლიციელს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

რას გულისხმობს ზედაპირული დათვალიერება

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რას გულისხმობს ზედაპირული დათვალიერება და მოიცავს თუ არა იმის შემოწმებას, რა უდევს მოქალაქეს ჩანთაში; იდენტიფიკაციის რა მექანიზმები არსებობს; რა საფუძვლებით შეუძლია პოლიციას მოქალაქის შემოწმება და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ, როცა პოლიცია ქუჩაში გაგვაჩერებს.

ჩვენ ვესაუბრეთ იურისტ გოგა ხატიაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში. ის დეტალურად განგვიმარტავს როგორც ზედაპირული დათვალიერებისა და იდენტიფიკაციის საკანონმდებლო რეგულაციებს, ისე პრაქტიკას.

ხატიაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა პოლიციელები ზედაპირული დათვალიერების საფუძვლით მოქალაქეებს ჩანთის გახსნას აიძულებენ, “ძალიან ჰგავს ჩხრეკას”. ის მიგვითითებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე მუხლზე, სადაც ზედაპირული დათვალიერება განმარტებულია, როგორც “ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხება”.

აქვეა აღნიშნული, რომ ზედაპირული დათვალიერების უფლება მხოლოდ იმავე სქესის პოლიციელს აქვს. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემოწმების გადაუდებელი აუცილებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში დათვალიერებისას სპეციალური ხელსაწყო, მაგალითად, მეტალოდეტექტორი უნდა გამოიყენონ.

“ზედაპირული დათვალიერება არ გულისხმობს პირადი ნივთების შემოწმებას. როდესაც პოლიციელი სთხოვს მოქალაქეს, რომ ჩანთა გახსნას, ჯიბეები ამოატრიალოს ან მანქანის საბარგული აჩვენოს და იქ რაღაცები ეძებონ, ეს სწორედ ჩხრეკის შემადგენელი ნაწილია”, – ამბობს იურისტი.

ხატიაშვილი განმარტავს, რომ ზედაპირული დათვალიერება შესაძლოა გადაიზარდოს ჩხრეკაში. თუმცა ამ შემთხვევაში პოლიციელმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს მოქალაქეს, რომ პროცედურა, რომელსაც იწყებს, არის ჩხრეკა. ეს არის სისხლის სამართლის ფარგლებით განსაზღვრული მოქმედება და მას მკაფიოდ განსაზღვრული წესები აქვს. მათ შორის, პროცედურის დაწყებამდე, პოლიციელმა მოქალაქეს უნდა მოუწოდოს, რომ  ნებაყოფლობით წარუდგინოს კანონსაწინააღმდეგო ნივთები. ჩხრეკა მხოლოდ მოქალაქის უარის, ან ნივთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს.

ზედაპირული დათვალიერების საფუძვლები

ხატიაშვილი განმარტავს, რომ არათუ ჩხრეკას, არამედ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებასაც აქვს კანონიერი საფუძვლები. ეს საფუძვლებიც პოლიციის შესახებ კანონითაა განსაზღვრული:

  • თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს აქვს ისეთი ნივთი, რომლის ტარება არის აკრძალული. მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი;
  • თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს აქვს ისეთი ნივთი, რომელმაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააზიანოს;
  • პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის, ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს – 20 მეტრის რადიუსში. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი იმყოფება ისეთ ტერიტორიაზე, სადაც იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები, ან შესაძლოა ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.

რაც მთავარია, პოლიციელმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, ჩამოთვლილთაგან რომელი საფუძვლით გადაწყვიტა მისი დათვალიერება.

გოგა ხატიაშვილს ვკითხეთ, ზემოთ მოყვანილი მაგალითებში იყო თუ არა საკმარისი საფუძველი მოქალაქეთა ზედაპირული შემოწმებისთვის. ან რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად ის საფუძვლები, რაც პოლიციელებმა განმარტეს – დემონსტრანტთა უსაფრთხოება [გელა ხასაიას შემთხვევა] და მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ მომხდარი დანაშაული [წოწკოლაურის, ლიპარტელიანისა და კინწურაშვილის შემთხვევები]. ხატიაშვილის ამბობს, რომ მსგავსი განმარტებები ზედმეტად აბსტრაქტულია იმისთვის, რომ მოქალაქე საპოლიციო ღონისძიების კანონიერებაში დარწმუნდეს.

“ეს არის ძალიან აბსტრაქტული დასაბუთება. ასეთი საფუძველი არც არსებობს ზედაპირული შემოწმებისთვის. კანონში წერია – თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იმ პირმა, ვისაც ვამოწმებ, შესაძლოა სამართალდარღვევა ჩაიდინოს. მაშინ ეს უნდა დამისაბუთო: იმიტომ გამოწმებ, რომ ეჭვი მაქვს, რომ შენ სამართალდარღვევას ჩაიდენ. ეს გარემოებები პოლიციელის სუბიექტურ წარმოდგენებს კი არ უნდა ეფუძნებოდეს, არამედ ობიექტურად უნდა იყოს დადასტურებადი”, – ამბობს იურისტი.

ხატიაშვილი განმარტავს, რომ შესაძლოა იყოს სიტუაცია, როცა პოლიციელმა ვერ ან არ მიაწოდოს მოქალაქეს დეტალური ინფორმაცია საპოლიციო ღონისძიების საფუძვლების შესახებ. მაგალითად, როცა ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმებაა საჭირო, ან სხვა რაიმე ინტერესი გადაწონის მოქალაქის ინფორმირების აუცილებლობას. თუმცა მნიშვნელოვანია ცხადი განმარტება ორ საკითხზე:

  1. კანონით დადგენილი რომელი საფუძვლით აჩერებს მოქალაქეს;
  2. რა საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში – ეს არის დათვალიერება (და არა ჩხრეკა), იდენტიფიკაცია და სხვა.

იდენტიფიკაცია

იდენტიფიკაცია არის ერთ-ერთი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც სამართალდამცავმა უწყებამ მართლწესრიგის დასაცავად და სავარაუდო საფრთხის პრევენციისთვის შეიძლება გამოიყენოს. თუმცა, როგორც გოგა ხატიაშვილი აცხადებს, ამის გაკეთება პოლიციელს ადგილზე შეუძლია და განყოფილებაში გადაყვანა საჭირო არ არის.

იდენტიფიკაციის მიზნით განყოფილებაში გადაყვანის პროცედურას კანონი არ ცნობს.

პოლიციის შესახებ კანონში ვკითხულობთ, რომ პირის იდენტიფიკაცია საჭირო ხდება მაშინ, თუ გამოკითხვისას მისი ვინაობა ვერ დგინდება, ან არსებობს ეჭვი, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ტყუილია. პოლიციელს პირის იდენტიფიკაციის არაერთი მექანიზმი აქვს:

  • ფოტოსურათის გადაღება;
  • მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება;
  • თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
  • დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
  • სიმაღლის გაზომვა;
  • ხმის ჩაწერა;
  • სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

საჭიროების შემთხვევაში, ამ ყველაფრის გაკეთება პოლიციელს ადგილზევე, მათ შორის ქუჩაში შეუძლია და განყოფილებაში გადაყვანა საჭირო არ არის. გოგა ხატიაშვილის შეფასებით, პოლიციელის მიერ იდენტიფიკაციის მიზნით მოქალაქის იძულებით განყოფილებაში გადაყვანა “თავისუფლების უკანონო აღკვეთას უტოლდება”.

მნიშვნელოვანია, რომ სანამ პოლიცია თავად დაიწყებს პირის იდენტიფიკაციას, მას უნდა მისცეს გონივრული დრო, რათა თავად დაადასტუროს საკუთარი ვინაობა.

“იდენტიფიკაციის ღონისძიებამდე პირს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რომ თავისი ვინაობა დაამტკიცოს. მაგალითად, მიიყვანოს ვიღაც სანდო პირი, რომელიც იტყვის, რომ ეს ნამდვილად გოგა ხატიაშვილია”, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

დათვალიერების/იდენტიფიკაციის ოქმი

ზედაპირული დათვალიერების, იდენტიფიკაციის თუ სხვა საპოლიციო მოქმედებების შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი. ამ დოკუმენტში ოფიციალურად უნდა ჩაიწეროს როგორც საფუძველი, ისე სხვა დეტალები.

გარდა ამისა, მოქალაქეს აქვს უფლება, ოქმში შეიტანოს ნებისმიერ შენიშვნა. მათ შორის, მისი ვარაუდი, რომ პროცედურა შესაძლოა კანონის დარღვევით ჩატარებულიყო.

კანონიერების პრინციპი

გოგა ხატიაშვილი ხაზგასმით საუბრობს პოლიციის შესახებ კანონით განსაზღვრულ კანონიერების პრინციპზე.

მოქალაქისთვის დადგენილი პრინციპი – ყველაფერი დასაშვებია, რაც აკრძალული არ არის – სამართალდამცველების შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საპოლიციო მოქმედებებს, პირიქით მოქმედებს: მათ არ აქვთ არაფრის უფლება გარდა იმისა, რასაც კანონი უშვეს.

“ყველაფერი კანონში არ წერია, ხომ?! რაღაცები საყოფაცხოვრებო ურთიერთობების, საზოგადოებრივი მორალის და გონივრული მოლოდინების ფარგლებშია. ამ შემთხვევაში განსხვავებული რეჟიმია – პოლიციელს მხოლოდ იმის გაკეთების უფლება აქვს, რის უფლებასაც მას კანონი აძლევს. ამიტომ, ყველა ის ღონისძიება, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული, თავისთავად უკანონო და თვითნებურია”, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.

სამართალდარღვევაა პოლიციელის მხოლოდ კანონიერი (!) და არა ნებისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

გახმაურებული საქმეებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, როცა მოქალაქე სვამს კითხვებს, ითხოვს განმარტებებს პოლიციელისგან და არ აძლევს დაუსაბუთებლად ჩანთის ჩხრეკის შესაძლებლობას, მას აკავებენ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.

ამავე საფუძვლით შეუდგენენ ხოლმე სამართალდარღვევის ოქმს იმ მოქალაქეებსაც, ვინც “იდენტიფიკაციის მიზნით” განყოფილებაში გადაჰყავთ.

გოგა ხატიაშვილის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

“როგორც წესი, როცა ირკვევა, რომ მოქალაქე ფლობს ინფორმაციას თავისი უფლებების შესახებ და ეწინააღმდეგება, ამ ყველაფერს პოლიციელი ფუთავს როგორც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შემდეგ ამას გადათარგმნის ხოლმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც, რა თქმა უნდა, ამ მუხლის თვითნებური, ბოროტად გამოყენებაა. იმიტომ, რომ თუ პოლიციელი წამოაყენებს მოთხოვნას, რომელიც უკანონია, მე მისი დამორჩილების ვალდებულება არ მაქვს”, – აცხადებს გოგა ხატიაშვილი.

ნეტგაზეთი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share